კახა კუკავა ეროვნული გამოცდების მეთოდოლოგიის შეცვლას ითხოვს
კახა კუკავა ეროვნული გამოცდების მეთოდოლოგიის შეცვლას ითხოვს

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ეროვნული გამოცდების ჩატარების მეთოდოლოგიის შეცვლას ითხოვს. კუკავას განცხადებით, წელს აბიტურიენტთა მხრიდან განსაკუთრებული უკმაყოფილების საგანი ზოგადი უნარების ტესტები გახდა, რომელიც იწვევს გაურკვევლობას და რის გამოც უამრავი აბიტურიენტი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.

„უკვე ეროვნული გამოცდების შემდგომ ხდება აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ, კომპიუტერული ფორმულით გარკვეული კატეგორიის სტუდენტებისთვის ქულების მომატება. აბიტურიენტთა რაღაც კატეგორიას, რომელსაც დააკლდა რამდენიმე ქულა, ეს ქულები ემატება და ხვდება უმაღლეს სასწავლებლებში. მეორე კატეგორია, რომელსაც მაგალითად, უნარებში ან ფიზიკაში დააკლდა 0,2 ქულა, რჩება უმაღლესი სასწავლებლის მიღმა. ეს არის აბსოლუტურად უსამართლო. ჩვენ მივმართავთ განათლების სამინისტროს, უმოკლეს ვადებში გადახედოს გამოცდების შედეგებს და იმსჯელოს შეღავათების დაწესებაზე“, – განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ჩაჭრილი აბიტურიენტების ინტერესებს სასამართლოშიც დაიცავს. ის ასევე გეგმავს, უნარების წლევანდელი საგამოცდო ტესტიდან რამდენიმე მაგალითი გაუგზავნოს ექსპერტებს, რათა მიიღოს დასკვნა, რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოცდაზე გატანა და რამდენად უზრუნველყოფს ის აბიტურიენტის ცოდნის გაგებას.