კახა კუკავა - დაბალი ბარიერის და პროპორციული არჩევნების წინააღმდეგი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც უნდა, ისევ ორპარტიული პარლამენტი მიიღოს
კახა კუკავა - დაბალი ბარიერის და პროპორციული არჩევნების წინააღმდეგი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც უნდა, ისევ ორპარტიული პარლამენტი მიიღოს

დაბალი ბარიერის და პროპორციული არჩევნების წინააღმდეგი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც უნდა, ისევ ორპარტიული პარლამენტი მიიღოს, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ის, ვისაც დღეს გარანტირებული აქვს, რომ პარლამენტში ნებისმიერი ბარიერის პირობებში მოხვდება. იმიტომ, რომ თავის დროზე ხაზინიდან მილიონები აქვს მიტაცებული, საკუთარი პარტიული ტელევიზია ემსახურება და ბევრი იმიტომ და იმიტომ. 2012 წელს „ქართული ოცნება გვეუბნებოდა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, დღეს კი „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება ამას და ისევ უნდათ, ორპარტიული პარლამენტი დატოვონ – ოცნება და ნაციონალები“, – განაცხადა კახა კუკავამ.

როგორც კუკავამ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ბოლო ორი ვადის განმავლობაში მოუტანა თუ არა ქვეყანას კარგი ორპარტიულმა პარლამენტებმა.

„ყველა ხომ ვამტკიცებდით, რომ ეს უბედურება იყო?! ყველა ხომ ვამტკიცებდით, რომ ქვეყანას ახალი, მესამე, მეოთხე ძალა სჭირდება?! ახლა, ცდილობენ, ისევ ჩანასახშივე ჩაკლან პლურალიზმის მცდელობა, მაგრამ ეს არ უნდა დავუშვათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და „ქართულ ოცნებას“ ის კი არ უნდა მოვთხოვოთ, თქვენი პროპორციული სისტემა არ გვინდა-თქო, პირიქით“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება ძალიან დაგვიანებული, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა ის გარკვეული ტიპის რისკებს, რომ შესაძლოა, ნაკლები პოლიტიკური გამოცდილების მქონე პარტიების პარლამენტში შესვლამ და პარლამენტის სიჭრელემ უმრავლესობის ფორმირებისა და პოლიტიკური კრიზისის საფრთხე დააყენოს, კახა კუკავამ განაცხადა, რომ გარკვეული ტიპის სირთულეები ნებისმიერ სისტემას აქვს და ამიტომ, როცა კონსტიტუციაში ცვლილება შევა, ასევე შეტანილ უნდა იქნას დათქმა, რომ ეს ერთჯერადი იქნება და 2024 წლისთვის შეიძლება, ოდნავ უფრო მაღალი ბარიერი იყოს.

დატოვე კომენტარი