კახა კუკავა ტელევიზიებს მოუწოდებს, საქართველოს პირველი არხის ინიციატივას შეუერთდნენ
კახა კუკავა ტელევიზიებს მოუწოდებს, საქართველოს პირველი არხის ინიციატივას შეუერთდნენ

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა მიესალმება საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს პირველი არხი საკუთარი ეთერით აზარტული თამაშების რეკლამირებას აღარ განახორციელებს.

კუკავა ტელევიზიებს მოუწოდებს, საქართველოს პირველი არხის ინიციატივას შეუერთდნენ.

„ჩვენს ქვეყანაში, სადაც ძირითადად მხოლოდ ცუდი ამბები ხდება ხოლმე, ასეთი სწორი და პოზიტიური გადაწყვეტილება არ მახსოვს, ბოლოს როდის გავიგე, როდესაც მნიშვნელოვანმა სახელმწიფო ინსტიტუციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პოზიტიურად აისახება მთელ საქართველოზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე. იმედი მაქვს, რომ სხვა ტელეარხები არ ჩამორჩებიან ამას. ბუნებრივია ყველასთვის არის ფინანსური დანაკარგი, მაგრამ არის ძალიან დიდი მორალური შენაძენი და მოვუწოდებ ყველა ცენტრალურ არხს, რომ შეუერთდეს პირველი არხის ინიციატივას. სხვათაშორის, ეს არის განსაკუთრებით მისასალმებელი იმ ფონზე, როდესაც სრულიად სამარცხვინოდ ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტში ჩავარდა ზედიზედ რამოდენიმე კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ, რადგან ისინი ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობენ საზოგადოების წინაშე და პირველი არხის ამ გადაწყვეტილებას აქვს მნიშვნელობა არა მარტო იმ კუთხით, რომ პირველ არხზე აღარ გავა აზარტული თამაშების რეკლამა, არამედ ეს იქნება ერთგვარი თუნდაც სინდისის შეხსენება პარლამენტისთვისაც და სხვა კერძო ტელეკომპანიებისთვისაც, რომ მათაც გადადგან იგივე ნაბიჯი. გარდა ამისა, გამოვდივართ ინიციატივით რომ აიკრძალოს ონლაინ თამაშები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან კანონში წერია, არასრულწლოვანს არ აქვს აზარტული თამაშის უფლება, ონლაინ ამისი გაკონტროლება არის შეუძლებელი“, – განაცხადა კახა კუკავამ.

საქართველოს პირველი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. პირველი არხი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.

დატოვე კომენტარი