კახა კუკავა - არსებული კრიზისიდან ერთადერთი სწორი და აუცილებელი გამოსავალი არის ბუნებრივი ბარიერი
ბუნებრივი ბარიერი არის აუცილებელი და ერთადერთი სწორი გამოსავალი დღეს არსებული კრიზისიდან, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ, პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, ყველა ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა, ბარიერით ჩატარებული არჩევნებიც გამართული დემოკრატიის ქვეყნებში არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა.
„მინდა უცხოელ კოლეგებს მივმართო, თქვენ ხედავთ ბოლო შვიდი წელია, ჩვენს ქვეყანას ჭამს პოლარიზაცია, ჭამს ექსტრემიზმი, აუცილებელია, მრავალპარტიული არჩევნები და მრავალპარტიულ პარლამენტს ჩვენ დღეს არსებული კანონმდებლობის პირობებში ვერ მივიღებთ და ამას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. როდესაც საარჩევნო ფინანსებით 89% აკონტროლებს ორი პოლიტიკური პარტია, როდესაც ტელევიზიების ეთერის 99 % აკონტროლებს ორი პოლიტიკური პარტია, ჩვენ ვართ წინასწარ არათანაბარ სასტარტო პირობებში. ბუნებრივი ბარიერი დღეს ნიშნავს, რომ მივიღებთ ისეთ პარლამენტს, როგორიც მიიღეს ჩვენმა მეგობარმა ლიეტუველებმა და ესტონეთმა, როცა თავი დააღწიეს საბჭოთა იმპერიას. ეს ნიშნავს გარანტირებულად, რომ არც ერთ პარტიას ქვეყანაში არ ეყოლება აბსოლუტური უმრავლესობა და ეს ნიშნავს, რომ 5,6 ან 7 განსხვავებული პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა კახა კუკავამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ბევრი ექსტრემისტული ძალაა, რომელიც ცდილობს, წავიდეს მოვლენების სხვა სცენარით, ითხოვენ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რაც გულისხმობს, რომ ვერ უნდა მოესწროს რეფორმა.
„კიდევ ერთი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ნგრევა და ვერც ჩვენ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში და ვეღარც ევროკავშირისა და ნატო-სთვის ვერ იქნება ეს ქვეყანა პარტნიორი. ეს არის ისტორიული შანსი, რომელმაც შესაძლოა, ძალიან დააგვიანა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს შანსი ჩვენ ახლა გვაქვს. ყველას ვთხოვ, რომ დაგევხმარეთ, დანის პირზე ფრთხილად ვიაროთ და მივიდეთ ამ დღემდე“, – განაცხადა კახა კუკავამ.
პრეზენტაციას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციას არ ესწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.
კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.
ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.