კახა კუჭავამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - პროტესტი იყო, ახლა გადადით სამუშაო რეჟიმზე ან მოგვიწევს სხდომის გაჩერება
კახა კუჭავამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - პროტესტი იყო, ახლა გადადით სამუშაო რეჟიმზე ან მოგვიწევს სხდომის გაჩერება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, თუ არ არიან მზად, შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვები დაუსვან და პასუხები მოისმინონ, მაშინ სხდომას გადადებს.

„საკითხის განხილვა მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, შემდეგაა პოლიტიკური განცხადებების ნაწილი. თუ ჩვენ არ ვართ მზად, რომ გავაგრძელოთ, სხდომას გავაჩერებ. ცოტა ხნის წინ ვიყავი ლამის ამ გადაწყვეტილების მიღების გზაზე. ერთადერთი, რაც გვსურს, ესაა, დაისვას კითხვები, ეს იყო თქვენი მოთხოვნაც, ოპოზიციის მხრიდან და საზოგადოებასაც აინტერესებს პასუხებიც და კითხვებიც, რასაც დასვამთ.

თუ ჩვენ დღეს არ ვართ მზად, რომ დავსვათ კითხვები და მოვისმინოთ პასუხები, სხდომას გადავდებ და შემდეგში ჩავატარებთ. ასეთი ფორმატით კითხვა-პასუხი და მათ შორის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიღებული არ არის. პოლიტიკური პროტესტი იყო? – იყო, ახლა გადადით სამუშაო რეჟიმზე ან მოგვიწევს სხდომის გაჩერება“, – განაცხადა კუჭავამ.

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის სხდომა შეწყვეტილია.