კახა კუჭავა - ყველაზე მეტად პულსზე ხელი გიჭირავთ უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც ყოველდღიურად გესმით წუხილი, გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, რომლებზეც სტუდენტებთან ერთად საუბრობთ
კახა კუჭავა - ყველაზე მეტად პულსზე ხელი გიჭირავთ უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც ყოველდღიურად გესმით წუხილი, გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, რომლებზეც სტუდენტებთან ერთად საუბრობთ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მიმართა.

„ყველაზე მეტად პულსზე ხელი გიჭირავთ თქვენ უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც ყოველდღიურად გესმით ის წუხილი, გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, რომლებზეც თქვენ სტუდენტებთან ერთად საუბრობთ. ყველაზე კარგად რომ ეს ისმოდეს ჩვენთან და პარლამენტმა შეძლოს ამის ბოლომდე გაანალიზება, შესისხლხორცება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება, იქნება ეს პოლიტიკის დოკუმენტები თუ კანონმდებლობა, აუცილებელია თქვენთან კონსულტაცია. დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ თქვენი მეშვეობით ერთხელ და საბოლოოდ შევქმნათ ის მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტები, რომელიც განმსაზღვრელი იქნება ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებისთვის და იქნება იმ ინტერესების გათვალისწინებით, პირველ რიგში ჩვენ სტუდენტებსა და არა მხოლოდ ჩვენ, საზღვარგარეთიდან ძალიან ბევრი სტუდენტი ჩამოდის უკვე საქართველოში, მათ ინტერესებზეც იქნება მორგებული. მადლობა მოწვევისთვის, სიამოვნებით დავესწრები ყველა სესიას, რომელიც აქ გაიმართება. მინდა, პირადად მოვისმინო ყველა საკითხი, რომელზეც თქვენ გსურთ საუბარი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააძლიერა ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

„არ მივიჩნევ, რომ ეს საკმარისია, გაცილებით მეტის მიღწევაც შეიძლება, თუმცა სტარი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მივიდეთ, კონკრეტული რეკომენდაციები და კონკრეტული საკითხები გადავჭრათ. მადლობა, წარმატებას ვუსურვებ ამ უნივერსიტეტს და საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.