კახა კუჭავა - ყველა რეგიონში მყარი გამარჯვება ფიქსირდება, 50 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერით, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვა
კახა კუჭავა - ყველა რეგიონში მყარი გამარჯვება ფიქსირდება, 50 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერით, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვა

ყველა რეგიონში მყარი გამარჯვება ფიქსირდება, 50 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერით, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

კუჭავას თქმით, ზოგიერთ რეგიონში მმართველი გუნდის რეიტინგი 53-54 პროცენტია, ზოგან კი 63 პროცენტი.

„ზოგიერთ რეგიონში „ქართული ოცნების“ რეიტინგი ზოგი კვლევით 63 პროცენტზე მაღალია, ზოგი კვლევით 53-54 პროცენტი. საბოლოო ჯამში, გამოთვლილი იქნება საშუალო მაჩვენებელი. შეიძლება, გარკვეულ რეგიონებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იყოს. ყველა რეგიონში მყარი გამარჯვება ფიქსირდება 50 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერით, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში მოვა შემდეგი მოწვევის პარლამენტში. გამარჯვების ნამდვილად გვჯერა იმიტომ, რომ ამის საშუალებას გვაძლევს ყველა ის კვლევა, განწყობა და მათ შორის ის ნაბიჯებიც, რომელსაც გუნდი დგამს პოზიტიური წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის კუთხით. ის, რასაც ოპოზიციური პარტიები აკეთებენ, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, იგულისხმება ძალადობა, პროვოკაციები, რასაც ხედავს მოსახლეობაც და სწორად აფასებს, ვის მისცეს ხმა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მხარდამჭერებისადმი, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ, ძალადობის პრევენციაა.

„ყველა ძალიან კარგად ხვდება, როგორ დაიწყო უკვე პროვოკაციები. „ქართული ოცნების“ ოფისის წინ მოხდა ძალადობა, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ. ამ შემთხვევას გამოძიების დაწყება მოჰყვა. მოლოდინია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, შეიძლება, მსგავსი ქმედებები კიდევ გაიზარდოს. ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენი ვალდებულებაა, პოზიტიურად წარიმართოს არჩევნები და ვცდილობთ, ბოლომდე ასე გავაკეთოთ. თუმცა, დაახლოებით 30 ათასია ჩვენი საარჩევნო შტაბის თანამშრომლების რაოდენობა და შეიძლება, ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა. ამის მიუხედავად, ჩვენ ვამბობთ, განურჩევლად იმისა, რომელ პარტიას განეკუთვნება, კანონდარღვევის შემთხვევაში, ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე. ზუსტად ეს იყო ჩვენი პარტიის თავმჯდომარის მოწოდება, რომ არ წამოეგონ მსგავს პროვოკაციებს და თავი შეიკავონ.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მშვიდობა უზრუნველვყოთ. არის გარკვეული საკითხი, სადაც საქართველო ლიდერია და გვინდა, ეს ლიდერული პოზიციები შევინარჩუნოთ. ეს ხომ ქვეყნის ინტერესებია საერთაშორისო ასპარეზზე. იმის გამო, რომ თავის პირად პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ, ცდილობენ, დახატონ მაქსიმალურად დაძაბული ფონი და ამისთვის პროვოკაციებზე მიდიან, რაც ნამდვილად არ არის მისასალმებელი. ამას კარგად ხედავს ამომრჩეველი და ამიტომ დარწმუნებული ვართ, იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ჩვენ გამარჯვებას მოგვიტანს. ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება ძალადობის პრევენციაა. ხელისუფლება არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებელია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.