კახა კუჭავა - ყველა კარგად ხედავს და გრძნობს პასუხისმგებლობას, ვალდებულებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ამ ქვეყნის წინაშე, როგორც პარტიის ლიდერს
კახა კუჭავა - ყველა კარგად ხედავს და გრძნობს პასუხისმგებლობას, ვალდებულებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ამ ქვეყნის წინაშე, როგორც პარტიის ლიდერს

ყველა ძალიან კარგად ხედავს და გრძნობს იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ამ ქვეყნის წინაშე, როგორც პარტიის ლიდერს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ის არასდროს არ გაურბოდა ამას და თავის განცხადებებში, გამოსვლებში ყოველთვის ამბობს. ის, თუ რატომ უჭირავს მას ეს პოზიცია და არა სხვა, ეს არის არჩევანი, რომელიც პარტიამ მიიღო. შეიძლება, ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას უნდოდეს, რომ ეს ადამიანი უფრო აქტიურად იყოს ჩართული პოლიტიკაში“, – განაცხადა კუჭავამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების მიმღები სისტემის გარეთ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ პარტიაში ყველა საკითხზე ძალიან ჯანსაღი განხილვები მიდის და გადაწყვეტილება ასე მიიღება.

„ყველას აქვს უფლება, ამის სჯეროდეს, ან არ სჯეროდეს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ზუსტად ეს არის ჩვენი გუნდის სიძლიერე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი სხვა პოლიტიკურ საქმიანობას რომ აპირებდეს, თავად განაცხადებდა ამის შესახებ.

„ბიძინა ივანიშვილი სხვა პოლიტიკურ საქმიანობას რომ აპირებდეს, თვითონ განაცხადებდა ამის შესახებ და ეს ცნობილი იქნებოდა. ის არის პარტიის თავმჯდომარე და ასე არის გადაწყვეტილება. ჩვენ ვერ მოვიშველიებთ ვერც ინგლისს და ვერც გერმანიას. პირდაპირი შედარებისთვის, იქ რადიკალურად განსხვავებული სისტემებია. ინგლისში სავალდებულოა, ყველა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წევრიც კი იყოს. სულ სხვა სისტემაა გერმანიაში, ჩვენ კი ჩვენი სისტემა გვაქვს არჩეული და არ არის სავალდებულო, პარტიის თავმჯდომარე ამავე დროს პრემიერ-მინისტრი იყოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.