კახა კუჭავა - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვზრუნავდეთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი
კახა კუჭავა - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვზრუნავდეთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მივაგოთ პატივი და უნდა ვზრუნავდეთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

კუჭავამ უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ქართველ გმირებს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისინი, მივაგოთ პატივი და უნდა ვზრუნავდეთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც დღესაც იხსენებენ და არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

აუცილებელია, ყოველ წელს არა მხოლოდ ვიზრუნოთ, გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ იმ დიდ მიღწევას, რომელიც მათ თავიანთი შვილების და შვილიშვილების გამო, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გაიღეს“,- განაცხადა კუჭავამ.

9 მაისს საქართველოში ფაშიზმე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

წლების განმავლობაში, ამ დღეს ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებოდნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებდნენ. თუმცა წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.