კახა კუჭავა - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთის დელეგაციას საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში
კახა კუჭავა - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთის დელეგაციას საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში

ვთვლიდით, რომ საკმარისი არგუმენტები არსებობდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

კუჭავას თქმით, უკრაინამ, საქართველომ და სხვა მეგობარმა ქვეყნებმა საკმაოდ ძლიერი არგუმენტები წარადგინეს, რათა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება შეწყვეტილიყო, თუმცა დეპუტატთა უმრავლესობა ამას არ დაეთანხმა.

„დილიდან ვიხილავდით რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს. ძალიან საინტერესო დებატები გაიმართა. სამწუხაროდ, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენას, თუმცა ძალიან ძლიერი პოზიციები იქნა წარმოდგენილი როგორც საქართველოს, ისე უკრაინის და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან. გვქონდა ძალიან მკაფიო არგუმენტები, რატომ არ უნდა გაგრძელებოდა რუსეთს უფლებამოსილება. პირველ რიგში, საუბარი იყო მათ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. ჩვენ ყველას შევახსენეთ არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების არშესრულება, ასევე ის რეალობა, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და იმ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ასევე ვახსენეთ სასამართლო ის გადაწყვეტილებები, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს. ვთვლიდით, რომ საკმარისი არგუმენტები იყო, რათა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება შეწყვეტილიყო.

უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, რადგან თვლიან, რომ დიალოგის ფორმატში იყოს რუსეთი წარმოდგენილი და აქ მოისმინონ ის არგუმენტები, რომელიც მათ წინააღმდეგ იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას, ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ მათ საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში, როგორც საპარლამენტო ასამბლეის, ისე სხვა ფორმატში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების უპირობოდ დადასტურებას მხარი დაუჭირა.