კახა კუჭავა - ვხედავთ წარმატებებს და არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომლის დასაძლევად ყველამ ერთად, ბევრი უნდა ვიშრომოთ
კახა კუჭავა - ვხედავთ წარმატებებს და არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომლის დასაძლევად ყველამ ერთად, ბევრი უნდა ვიშრომოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და დარწმუნებულია, მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებელ გამარჯვებასაც მოიპოვებს.

„ვსაუბრობთ რა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არ შეიძლება, არ აღვნიშნო პარლამენტის მიერ განხორციელებული საარჩევნო რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა საარჩევნო კოდექსი და ეს ცვლილება საერთო კონსესუსის ფონზე განხორციელდა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები მაღალ შეფასებებს აძლევენ. სწორედ ეს, მე ვიტყოდი, ამბიციური რეფორმა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდება.

არჩევნებზე დამკვირვებლებად მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, დელეგაციების და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ამაში თავად დარწმუნდებიან. რაც შეეხება თბილისს – ყველა ხედავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი თანდათან ხდება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, სადაც სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს დიდი ყურადღება ენიჭება გარემოს, გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამწვანებას. ასევე, იქმნება ახალი რეკრეაციული ზონები, რაც ცხადია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მე გამოვყოფდი ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, წარმატებებთან ერთად, არასდროს უჭირთ, თვალი გაუსწორონ გამოწვევებს, რომლებიც მთელი ქვეყნის წინაშე არსებობს.

„გარდა იმისა, რომ ვხედავთ წარმატებებს, ასევე არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი ქვეყნის წინაშე და ამ გამოწვევების დასაძლევად ყველამ ერთად, კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ. მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევების დასაძლევად „ქართული ოცნება“ ერთადერთი სწორი არჩევანია. მე ხშირად ვამბობ და განვმეორდები, რომ ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო, რომლის ისტორიული არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ეს არის მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ. დასასრულს, მინდა, წარმატება და გამარჯვება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე ცოტა ხნის წინ დაასახელა. კახა კალაძე ღონისძიებაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ კალაძე თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერია.

კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს მეორედ იყრის. 2017 წელს მან არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.

დატოვე კომენტარი