კახა კუჭავა - ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, არ ერეოდეს იმ ქვეყნის საქმეებში, რომლის მოქალაქეც აღარ არის
კახა კუჭავა - ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, არ ერეოდეს იმ ქვეყნის საქმეებში, რომლის მოქალაქეც აღარ არის

მიხეილ სააკაშვილისგან არაერთხელ მიგვიღია მსგავსი დაპირება, რომ ჩამოდის, ოღონდ ვის რატომ უნდა შეეშინდეს, ეს არის კითხვა. მისი ჩამოსვლა მისი ნებაა, ჩამოვიდეს და შესაბამისი პასუხიც გაეცემა მის ვიზიტს საქართველოში. ფაქტი ერთია, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანი სახელს გაიტეხს და ეს უკვე მარტო ქვეყნის დონეზე არა, საერთაშორისო დონეზეც ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები დაძაბულობის შექმნას ემსახურება.

„ვისურვებდი, რომ ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, არ ერეოდეს იმ ქვეყნის საქმეებში, რომლის მოქალაქეც აღარ არის. თავისი ნებით დათმო მოქალაქეობა, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია.  აკეთოს, რა განცხადებაც უნდა და როგორც უნდა, ისე მოიქცეს. რა თქმა უნდა, მისი განცხადების მოლოდინიც ეს არის ალბათ მისი მხრიდან, რომ დაძაბულობა შექმნას.  თუმცა, ფაქტი ერთია, საქართველოში ხალხი დაიღალა დაძაბულობით, აგრესიით. არჩევნები ჩატარდება თავისუფალი, დემოკრატიული და იმ ახალი პროცესის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით განვახორციელეთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. არჩევანი იქნება მოსახლეობაზე, რომელსაც მიიღებს ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება კმაყოფილი და ვინ არა“, – განაცხადა კუჭავამ.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.