კახა კუჭავა - ვისაც არჩევნების გადადება სურს, ოპოზიციაა, რადგან იციან, რომ მათი მარცხი გარდაუვალია
კახა კუჭავა - ვისაც არჩევნების გადადება სურს, ოპოზიციაა, რადგან იციან, რომ მათი მარცხი გარდაუვალია

პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას თქმით, ვისაც საპარლამენტო არჩევნების გადადება სურს, ოპოზიციაა, რადგან იციან, რომ მათი მარცხი გარდაუვალია.

ჟურნალისტებთან საუბარში კახა კუჭავა პანდემიის გამო არჩევნების შესაძლო გადადების თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს არის მთავარი რეკომენდაცია. მზარდი ციფრები სასიამოვნო არ არის, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. საკოორდინაციო საბჭო ბრწყინვალედ აგრძელებს თავის საქმეს. წარმატება, რომელიც მარტში, აპრილსა და მაისში გვქონდა, ძირითადი საფუძველია, რომ პანიკის მიზეზი ახლა არ გვქონდეს. პირიქით – მოუმზადებელ მსოფლიოში გამოცდილება მივიღეთ და ქართული ნოუჰაუთი გამკლავება შევძელით. დარწმუნებული ვარ, ახლა გამკლავებას უფრო ადვილად შევძლებთ. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, რეკომენდაციებს არ დავიცავთ და პირბადეს არ გავიკეთებთ, ამ პრობლემასთან გამკლავება რთული იქნება. ერთადერთი, ვისაც არჩევნების გადადება არ უნდა, ზუსტად ჩვენ გახლავართ, რადგან მომზადებული ვართ იმისათვის, რომ არჩევნები პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩატარდეს. ვისაც არჩევნების გადადება სურს, ოპოზიციაა, რადგან იციან, მათი მარცხი გარდაუვალია. ვხედავთ, რომ ამ საკითხით სპეკულირებენ და ცდილობენ, იდეა შემოიტანონ, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს. არჩევნები ჩატარდება, სიტუაცია დარეგულირდება, ციფრები შემცირდება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ“, – განაცხადა კუჭავამ.