კახა კუჭავა - ვიდრე ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების უგულებელყოფის მოწმენი ვართ, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში
კახა კუჭავა - ვიდრე ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების უგულებელყოფის მოწმენი ვართ, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვისას, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლომ მართლზომიერად დააყენა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნორმების დარღვევისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაციის შემდგომ პერიოდში.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში. 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ ერთხმად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი პირადი კონტროლის ქვეშ მოქცევა. რუსეთმა დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის: წამების აკრძალვა; სიცოცხლის უფლება; გადაადგილების თავისუფლება; და საკუთრების უფლება. ნება მიბოძეთ, გკითხოთ – შეიცვალა რამე 2008 წლის შემდეგ? ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას? იკვეთება მისი დამოკიდებულების ან ქცევის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ? შეასრულა მან ევროსაბჭოს რეკომენდაციები? ყველა ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა – არა. 2021 წელსაც იგივე ხდება, რაც 2008 წელს ხდებოდა – ქართველების ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაცია, სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა საკუთარ ტერიტორიებზე დაბრუნების შესახებ. ამ ყველაფერს თან ერთვის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების არ შესრულება და ახალი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ“, – აღნიშნა კუჭავამ.

კახა კუჭავას განმარტებით, ვიდრე საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების აუგულებელყოფა მოხდება, მხარს არ დაუჭერენ ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

„შესაბამისად, სანამ ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების: საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ, და ეს ნორმები წარმოადგენს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.