კახა კუჭავა - ვეტერანები არიან მაგალითი მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის
კახა კუჭავა - ვეტერანები არიან მაგალითი მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, წარვდგე დღეს თქვენ წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, თავგანწირვით, პატრიოტიზმით აკეთებდნენ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, გამთლიანებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

კუჭავამ ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, აღსანიშნავია ვეტერანების ოჯახების თავგანწირვა, რომლებიც მათ შინ დაბრუნებას ელოდებოდნენ.

„არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მშვიდობის დაცვის მისიებში ნამდვილად თავგანწირული მონაწილეობისთვის და ჩვენი ქვეყნის სახელის გათქმისთვის, იმ თავგანწირვისთვის, რომელიც თქვენ გამოავლინეთ, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს. მადლობა მინდა, ვუთხრა თქვენს ოჯახებს იმ დიდი განსაცდელისთვის, რომელიც გაიარეს, როდესაც მათთან ერთად არ იყავით.

მე თვითონ წარმოვადგენ ოჯახს, სადაც მამა ვეტერანია და ძალიან კარგად მესმის, რა არის ის უმძიმესი წუთები განშორების და მოლოდინის, როდის დაბრუნდება ოჯახის წევრი თავისი მოვალეობის შესრულებიდან, რომელსაც ის ასრულებს ქვეყნის და ოჯახის წინაშე. იმ ნათელი მომავლის წინაშე, რომლისთვისაც იბრძოდა თითოეული თქვენგანი და დღესაც იბრძვიან ჩვენი გმირი ბიჭები. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, პატივი არ მივაგოთ, ქედი არ მოვიხაროთ იმ დაღუპული გმირების წინაშე, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად აღარ არიან“,- განაცხადა კუჭავამ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, მომავალმა თაობამ კარგად გააცნობიერონ ვეტერანების ღვაწლი და თავგანწირვა, რომელიც მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოავლინეს.

„20 პროცენტი საქართველოს ტერიტორიების ჯერ კიდევ ოკუპირებულია და უმნიშვნელოვანესი არის ახალი თაობებისთვის განსაკუთრებით კარგად ესმოდეთ ის ღვაწლი, ის დიდი თავგანწირვა, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა გაიღეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, იქნება ეს თავისუფლების თუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. რა თქმა უნდა, სხვადასხვა თაობებს ვგულისხმობ.

ბატონი კობა ახსენებდა იმ მიღწევებს რომელიც თითოეულ თქვენგანს გააჩნია უკვე როგორც ვეტერანის სტატუსით. ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია, ყველს კარგად გვესმოდეს, რომ სიტყვა ვეტერანი, მიუხედავად იმისა, ეს სამხედრო სამსახურია, სპორტია თუ სხვა მიმართულება, არ ნიშნავს, რომ რაღაც დასრულდა. პირიქით, თქვენ ხართ მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება დამატებითი წარმატებების მიღწევა ქვეყნის სახელით. თქვენი პირადი ძალისხმევით იყოთ მაგალითი მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. მინდა, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და წარმატებები“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი