კახა კუჭავა - ვერ გვექნება ძლიერი საქართველო, თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები, ძლიერი ქუთაისი, რომელიც მეორე დედაქალაქია ისტორიულადაც და მნიშვნელობითაც
კახა კუჭავა - ვერ გვექნება ძლიერი საქართველო, თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები, ძლიერი ქუთაისი, რომელიც მეორე დედაქალაქია ისტორიულადაც და მნიშვნელობითაც

ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება მეგობრობის, სიყვარულის, ხელოვნების, განათლების ქალაქი, სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ქუთაისში მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისი საქართველოს ისტორიაში ძლიერების სიმბოლოა.

„ქუთაისში დავიბადე და ბავშვობაში ზაფხულს ხშირად ვატარებდი ქუთაისში. ქუთაისთან მაკავშირებს უდიდესი სითბო, სიყვარული, უტკბილესი მოგონებები. ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია დღეს თქვენს წინაშე წარვდგე.

ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება მეგობრობის, სიყვარულის, ხელოვნების, განათლების ქალაქი – სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი. დავით აღმაშენებელმა სწორედ ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება. ქუთაისი საქართველოს ისტორიაში სიმბოლოა ძლიერებისა.

ამ ქალაქმა ბევრი გამოჩენილი ადამიანი აჩუქა ჩვენს ქვეყანას. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ არ შემიძლია არ ვახსენო უდიდესი ხელოვანი, გენიოსი, საზოგადო მოღვაწე, რომელმაც სულ ახლახან დაგვტოვა – რეზო გაბრიაძე, საამაყო ქუთაისელი და საამაყო ქართველი. დაგვტოვა, თუმცა დაგვიტოვა უდიდესი სიმდიდრე მისი შემოქმედების სახით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გააკეთა.

„ქუთაისში ბევრი პროექტი ხორციელდება. ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტები, რაზეც შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ, თუმცა უნდა გამოვყო საუკუნის პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პროექტი, რომელიც ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელდა, ბიძინა ივანიშვილის პირადი ინიციატივით და იგი უპრეცედენტოა „ქართუს“ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს შორისაც კი.

ჩვენ რეგიონები მოვიარეთ, ვნახეთ საინტერესო პროექტები, მაგრამ შეუდარებელია ეს ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ქუთაისში მისი მნიშვნელობით.

განათლება ჩვენი ქვეყნის მომავალია და ყველაფერს მივაღწევთ, როდესაც გვეყოლება ძლიერი, განათლებული, ჯანსაღი ახალგაზრდობა. ქუთაისის უნივერსიტეტი სრულად იძლევა ამის შესაძლებლობას. იგი არ არის მხოლოდ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს არის საშუალება, შევქმნათ ღირებულებათა მთელი ჯაჭვი. ახალგაზრდები, რომლებიც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ, შემდგომ, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან არა მხოლოდ დარჩნენ ქუთაისში, არამედ იზრუნონ იმისთვის, რომ ქუთაისი გახადეს კიდევ უფრო თანამდროვე და ძლიერი ქალაქი“, – განცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, თავისი მნიშვნელობით ქუთაისი ყოველთვის წარმოადგენდა უდიდეს დასაყრდენს მთელი საქართველოსთვის.

„ჩვენ ვერ გვექნება ძლიერი საქართველო, თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები, ძლიერი ქუთაისი, რომელიც მეორე დედაქალაქია ისტორიულადაც და თავისი მნიშვნელობითაც. იგი ყოველთვის წარმოადგენდა უდიდეს დასაყრდენს მთელი საქართველოსთვის.

დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქუთაისში. 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტები, რომელიც თითქმის დასრულდა, თუმცა რჩება წყალანირების პროექტები და სხვადასხვა წყალსამაგრი, რიონისპირა თუ სახლების სარეკონსტრუქციო პროექტები. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს მთავარი მიზანი, ჩვენ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ქუთაისი იყოს ევროპული ტიპის ქალაქი, სადაც ყველას მოუნდება ცხოვრება, თუ გავითვალისწინებთ იმ განვითარებას და გეგმებს, რომელიც გვაქვს ქუთაისისთვის.

ბევრი საინტერესო პროექტით გაგახარებთ, რითაც ქუთაისი ნამდვილად იქნება გამორჩეული არა მხოლოდ საქართველოში იმ ინოვაციური მიდგომებით, რომელსაც პირველ რიგში ახალგაზრდები შეძლებენ წარმოადგინონ.

არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა. ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს არის  ძლიერი გუნდი, რომელმაც შეძლო ბოლო შვიდ არჩევნებში გამარჯვება და 2 ოქტომბერსაც ჩვენი ერთად ყოფნით შევძლებთ გამარჯვებას.

ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება ყველა მიმართულებით, იქნება ეს განათლება, ხელოვნება, სპორტი თუ ბევრი სხვა, რითაც ქუთაისი იყო ძლიერი“, – განაცხადა კუჭავამ.