კახა კუჭავა ვენაში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდება
კახა კუჭავა ვენაში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა 7-9 სექტემბერს ვიზიტით ავსტრიას ეწვევა, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის, ნიგერიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, აზერბაიჯანის, კორეის რესპუბლიკის, თურქეთის, შვედეთის და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

„პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს ასევე გამართავს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან, მარგარეტა სედერფელტთან, ეუთო-ში საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ელეონორ ლაინთან. კახა კუჭავა ავსტრიის კანცლერისა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, სხვადასხვა მიღებას დაესწრება.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ავსტრიას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეწვევა“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.