კახა კუჭავა - შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, მომავალ წელს მეტს გაიგებთ იმ პროექტზე, რომელსაც ვუხელმძღვანელებ
კახა კუჭავა - შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, მომავალ წელს მეტს გაიგებთ იმ პროექტზე, რომელსაც ვუხელმძღვანელებ

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო და საკითხზე გუნდში ამ დროიდან საუბრობდნენ.

მისივე თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

„როგორც გაიგეთ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა, ჩვენს გუნდთან, ლიდერებთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა რა თქმა უნდა, დეტალებზე ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს თქვენ მეტ დეტალს გაიგებთ იმ პროექტთან, მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ახსნის იმ მიზეზებს, რომლებზეც არ შეგვიძლია, დღეს ბოლომდე ვისაუბროთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მან ყველა თანამშრომელს და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა. ამასთან, კახა კუჭავამ პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა.

„ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ პარლამენტი არის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. შევეცადე, ვყოფლიყავი ყველას თავმჯდომარე. დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს თავიანთი პროფესიონალიზმისთვის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, მადლობა ლიდერშიფს, პირადად ირაკლი კობახიძეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი საინტერესო, ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი საკმაოდ წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგაა, მეგობარია. წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებით ვიზეიმებთ გუნდიც და საქართველოც“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.