კახა კუჭავა -  ოპოზიციურ პარტიებში ცდილობენ, არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ
კახა კუჭავა - ოპოზიციურ პარტიებში ცდილობენ, არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ

შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ორგანიზაციები დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ, ჩვენ გავაკეთეთ მსგავსი აღმოჩენები – მათი არა მხოლოდ დამფუძნებლების, არამედ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან დირექტორების პირდაპირი კავშირი ოპოზიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

კუჭავას თქმით, ვინაიდან ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, მას ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული დღევანდელი განცხადება არ მოუსმენია, თუმცა ფიქრობს, რომ ბრიფინგი იმავე შინაარსის იქნებოდა.

კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში ცდილობენ, არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ.

„მე არ მომისმენია ბრიფინგი, არ ვიმყოფები საქართველოში, თუმცა მახსოვს, შარშან, ზუსტად საპარლამენტო არჩევნების წინ, მას შემდეგ, რაც ეს ადგილობრივი ორგანიზაციები დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ, ჩვენ გავაკეთეთ მსგავსი აღმოჩენები, მათი არა მხოლოდ დამფუძნებლების, არამედ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან დირექტორების პირდაპირი კავშირი ოპოზიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან.

ამიტომ არ არის ეს გასაკვირი. ისინი ცდილობენ, ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ, რომ ზეგავლენა მოახდინონ, მათ შორის სპეკულაციებით არჩევნებზეც. რა თქმა უნდა, მსგავსი ადგილობრივი ორგანიზაციების მიუკერძოებლობაზე უკვე ზედმეტი იქნება საუბარი, როდესაც ასეთი ინფორმაცია არსებობს. ეს იყო შარშან ჩვენი ბრიფინგის, ჩვენი მიგნებების არსი და დაახლოებით იგივე იქნებოდა ამ ბრიფინგზეც, თუმცა ალბათ უკვე ახალი აღმოჩენებით და ახალი ორგანიზაციების დასახელებით“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ არჩევნებს ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან. მიქანაძის განმარტებით, მათი საფუძვლიანი ვარაუდით, 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, საიდანაც ფინანსური მხარდაჭერა აქვთ.