კახა კუჭავა - ქართველი დიპლომატების დამსახურებაა, რომ ევროსაბჭომ რუსეთი მკაცრად კიდევ ერთხელ გააფრთხილა
კახა კუჭავა - ქართველი დიპლომატების დამსახურებაა, რომ ევროსაბჭომ რუსეთი მკაცრად კიდევ ერთხელ გააფრთხილა

ქართველი დიპლომატების დამსახურებაა, რომ ევროსაბჭომ რუსეთი მკაცრად კიდევ ერთხელ გააფრთხილა და კონკრეტული ვადები მისცა, რათა თავისი ვალდებულებები შეასრულოს, კომპენსაცია გადაიხადოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ის, რომ რუსეთს სანქციები დაეკისრა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და ევროსაბჭოს თანადგომის შედეგია.

„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ამ ვალდებულების შესრულება მოუწევს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასასახელებლად ბოლო ვადა მისცა.

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტსა და 1-3 სექტემბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.