კახა კუჭავა - პრეზიდენტს მივცეთ უფლება, გაერკვიოს საქმეში და თვითონ გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა გიგი უგულავას, ჩვენ კი იგივე პოზიციაზე ვრჩებით
კახა კუჭავა - პრეზიდენტს მივცეთ უფლება, გაერკვიოს საქმეში და თვითონ გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა გიგი უგულავას, ჩვენ კი იგივე პოზიციაზე ვრჩებით

პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, მსჯავრდებულის შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხზე რაიმე პირდაპირი, თუ ირიბი განცხადება, ჩარევად აღიქმება.

კახა კუჭავა ამ კომენტარით გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნას გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით.

კუჭავას თქმით, პრეზიდენტმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეიწყალებს თუ არა გიგი უგულავას.

„შეწყალების უფლება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, ამიტომ მან, უშუალოდ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არ შეიწყალებს. პირადად მე ვთვლი, რომ ჩვენი, პოლიტიკოსების მხრიდან პირდაპირი, თუ ირიბი განცხადება, იქნება არასწორი, რადგანაც გამოვა ჩარევა. ამიტომ, მოდით, მივცეთ უფლება, გაერკვიოს საქმეში და თვითონ გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა გიგი უგულავას“ ,- განაცხადა კახა კუჭავამ

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, კუჭავას თქმით, „ქართული ოცნება“ იგივე პოზიციაზე რჩება.

კუჭავას განმარტებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებაში კონკრეტული სახელები და გვარები მითითებული არ არის და შეთანხმების ეს ნაწილი არავითარი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

„შეთანხმებაზე ხელი არის მოწერილი და ჩვენ ერთგულები დავრჩებით, შევასრულოთ ყველა ის პირობა, რაც გათვალისიწნებული იყო ამ შეთანხმებაში – კანონპროექტის დაინიცირება, განხილვები და საბოლოოდ უკვე მიღება, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებაში აისახება. ტექსტი არის ცნობილი, საკმაოდ გამჭვირვალედ იქნა ეს ტექსტი გაცნობილი, ინტერპრეტაციების სხვადასხვა მცდელობები ვნახეთ განსაკუთრებით ამ დღეების განმავლობაში. მე არ ვიცი, ისინი როგორ კითხულობენ, ფაქტი ერთია, როგორ ვკითხულობთ ჩვენ, შავით თეთრზე წერია, კონკრეტული გვარები იქ მითითებული არ არის, ხოლო იმ ძირითადად პრინციპს, რომელიც შეთანხმებაშია მითითებული, ჩვენც ვეთანხმებით, ამიტომაც მოვაწერეთ ხელი და კიდევ ერთხელ, ამ შეთანხმების ერთგული ვრჩებით. შეთანხმებაში კონკრეტულ გვარებზე მითითება არ არის და, შესაბამისად, ჩვენთვის ეს სპეკულირების საგანი ვერ იქნება.

ძალიან მარტივი მოცემულობა არის. იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს და აისახოს კანონპროექტში, საჭიროა არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც მხადაჭერა. შეთანხმება ხელმოწერილი იქნა. რაც უნდა ინტერპრეტირება ჰქონდეს, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, შავით თეთრზე წერია ის, თუ რაზე იქნა შეთანხება მიღწეული. არაერთხელ გვითქვამს და ეს პირობაც გაცემულია, რომ ჩვენ დავიცავთ ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს და გადავდგამთ ყველა  ნაბიჯს, საბოლოოდ ხმასაც მივცემთ, რომ ეს ცვლილებები საბოლოოდ აისახოს კონსტიტუციაში და შემდეგი არჩევნები ჩატარდეს უკვე შეთანხმებული გზით. თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ, ამ შემთხვევაში ცვლილებები ვერ გავა, მაგრამ ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. ეს იქნება ხელმოწერილი შეთანხმების, დადებული პირობის დარღვევა, და იქ არ იყო მარტო ოპოზიცია-პოზიციას შორის, აქ იყო დიპკორპუსი ჩართული, იქნება პირობის დარღვევა არა მხოლოდ მეორე მხარის და საზოგადოების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიმართაც“ ,- განაცხადა კუჭავამ.

ევროპარლამენტარების წერილთან დაკავშირებით კი კუჭავა ამბობს, რომ იმედი აქვს, შეხვედრა შედგება და ევროპარლამენტარები მოისმენენ როგორც მმართველი გუნდის, ისე ადვოკატების არგუმენტებს და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება ევროპარალმენტარების წერილს, მათ თხოვნით მიმართეს პრეზიდენტს და აქვთ ამის უფლება, თუმცა მე მაინც შეგახსენებდით, რომ თებერვალში, როდესაც ჩვენ გვქონდა მათთან პირდაპირი კომუნიკაცია, მაშინ შევთანხმდით, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ სპეციალური ვიზიტით, ყველა პარტიიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომლებიც შეისწავლიდნენ ამ საკითხს. მესმის, რომ ახლა ცოტა შეზღუდვებია ფრენებთან დაკავშირებით, კორონავირუსის გამო, თუმცა ეს დისტანციურადაც შეიძლება გაკეთდეს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ შეხვედრა შედგება და ისინი საკუთარ თავში საბოლოოდ დაადგენენ იმ რეალურ სიტუაციას, რომელიც არსებობს. ჩვენს არგუმენტებსაც მოისმენენ, ადვოკატების არგუმენტებსაც და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას“ ,- აღნიშნა კახა კუჭავამ.