კახა კუჭავა - პოლარიზაციის შემცირება არ არის რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე, მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ
კახა კუჭავა - პოლარიზაციის შემცირება არ არის რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე, მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ

პოლარიზაციის შემცირება არ გახლავთ რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე – მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიური ასამბლეის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ მუშაობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიურ ასამბლეაში და პანდემიის მიუხედავად, გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს მოსაზრებები ონლაინ გავუზიაროთ. აღსანიშნავია, რომ მთავრობებსა და პარლამენტებს შორის კავშირებთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ ერთი – სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულება აქტიურია, რაც დადებითად აისახება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამუშაო პროცესზე. მთავარი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის დღეს არსებული პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. სულ რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მივიღე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში, რომლის მთავარი თემა იყო დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის, პოლარიზაცია. ეს არის საკითხი, რაც მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს აღელვებს. პოლარიზაციის შემცირება არ გახლავთ რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე – მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას. მით უმეტეს, რომ საქართველო ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის მძიმე შედეგებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, თუ კორონავირუსის პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მნიშვნელოვნად დააზარალა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლარიზაციის შემცირების კუთხით საქართველოს პარლამენტს შეუძლია, არსებითი როლის შეასრულოს. კახა კუჭავას განცხადებით, მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევაშია წარმატების, გამარჯვების გასაღები და ამ წარმატების მიღწევაში, სამოქალაქო საზოგადოების როლი მნიშვნელოვანია.

„პოლარიზაციის შემცირებაში საქართველოს პარლამენტს შეუძლია, არსებითი როლის შეასრულოს. მოგეხსენებათ, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, შესაბამისად, პარლამენტი ქვეყნის მმართველობითი სისტემის და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს. შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ, პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო სუბიექტებს შეუძლიათ, აქტიურად გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა, მათთვის მინიჭებული ახალი, ძლიერი და ეფექტიანი ინსტრუმენტებით აქტიურად ჩაერთონ თემატურ განხილვებში, კონსტრუქციულად წარმართონ საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესი. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა რათა უწყებები უფრო გამართულად ფუნქციონირებდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება. სწორედ ეს იქნება ევროპული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და ამგვარი მიდგომა მეტად განამტკიცებს ჩვენი საზოგადოების რწმენას ევროპული ინსტიტუტებისა და ღირებულებების მიმართ. უფრო დააჩქარებს ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას.

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ დემოკრატიის განმტკიცებისთვის, ძლიერი საზოგადოების და მდგრადი მომავლის ასაშენებლად საჭიროა ინოვაციური, გამბედავი და რაც მთავარია, ერთობლივი სტრატეგია. მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევაშია წარმატების, გამარჯვების გასაღები და ამ წარმატების მიღწევაში, სამოქალაქო საზოგადოების როლი მნიშვნელოვანია. ჩემი თხოვნაა, ერთად ვიშრომოთ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, შინაარსიანი, კონსტრუქციული დისკუსიების კულტურის დამკვიდრებაში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, გეტყვით, რომ პარლამენტი ღიაა თანამშრომლობისთვის. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის არაკეთილის მოსურნის საქმეს ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის არც ერთი ჩვენგანის ინტერესი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ერთად ვიფიქროთ, დავგეგმოთ, ვიშრომოთ პოლარიზაციის შემცირებისთვის და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავლს“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი