კახა კუჭავა პაატა მანჯგალაძეს მიმართავს - ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვის უშვებენ სააკაშვილთან და ვის - არა, კითხვის სწორი ადრესატი იქნებოდა იუსტიციის სამინისტრო
კახა კუჭავა პაატა მანჯგალაძეს მიმართავს - ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვის უშვებენ სააკაშვილთან და ვის - არა, კითხვის სწორი ადრესატი იქნებოდა იუსტიციის სამინისტრო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კითხვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, თუ რატომ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად მის ადვოკატს და ალტერნატიული კონსილიუმის ჯგუფის ექიმებს.

ასევე პაატა მანჯგალაძის კითხვის ნაწილი იყო, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ სამოქალაქო ჰოსპიტალში.

„პარლამენტის თავმჯდომარე ლაპარაკობდა არჩევნების თემატიკაზე. მესმის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერასდროს შევთანხმდებით არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. დისკუსიის გახსნას არ ვაპირებ, რადგან არ მინდა, ჩაიკარგოს საკითხი, რომელიც სცდება პარტიული კუთვნილების საკითხს. ახლა ვესაუბრე სააკაშვილის ადვოკატს, არ ეძლეოდა შესვლის შესაძლებლობა. ასევე ვერ შედიან ალტერნატიული კონსილიუმის ჯგუფის ექიმები, მასთან შესვლის შესაძლებლობა არ აქვს ოჯახის ჰოლანდიელ ექიმსაც და არ გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში. პარტიული კუთვნილების გარეშე ვკითხულობ და იცით, რომ ხვალაც რომ შეიცვალოს ვითარება და გამოვიდეს სააკაშვილი, შეიძლება ოპონენტი ვიყო, მაგრამ ხომ ცდება ეს საკითხები ყველანაირ პარტიულ კუთვნილებას. პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ, რა პრობლემაა ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ, ჩვენი ვალდებულებაა, რაიმე სახის რეაგირება მოვახდინოთ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძეს უპასუხა კახა კუჭავამ და აღნიშნა, რომ მისი კითხვების სწორი ადრესატია იუსტიციის სამინისტრო. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, ვის უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან და ვის-არა.

„ამ კითხვის სწორი ადრესატი იქნებოდა იუსტიციის სამინისტრო. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვის უშვებენ, ვის – არა. მე ვიცი, რომ მათ აქვთ კომუნიკაცია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავამ მანჯგალაძის კითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ გაერკვევიან, შესაძლებელია თუ არა საკითხებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართონ. „რა თქმა უნდა, გავერკვევით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძის განცხადებას ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

მისი თქმით, ზოგადად, უმრავლეს შემთხვევაში, სააკაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით პრობლემები ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება.

„ბატონო პაატა, იქ უმრავლეს შემთხვევაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ რაღაც ტექნიკური მიზეზია. მაგალითად, შეიძლება სხვა ვიზიტი იყოს ან რაღაც ასეთი. რაც შეეხება ალტერნატიულის საკითხს, თქვენთან უშუალოდ არა, მაგრამ თქვენი ფრაქციის რამდენიმე ადამიანთან მქონდა საუბარი ამ თემასთან მიმართებით. თუ თქვენი სურვილი იქნება, იგივე ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, მონაწილეობის შესაძლებლობა გექნებათ. ეს ნიშნავს, რომ კონსულტაციების, ინფორმაციის გაცვლის, ყველაფერზე წვდომა იარსებებს. უწყვეტ რეჟიმში შეგეძლებათ, რომ დააკვირდეთ ამ პროცესებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.