კახა კუჭავა - ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არც გვარებია მითითებული და არც ტერმინები, რასაც ოპოზიცია ცდილობდა
კახა კუჭავა - ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არც გვარებია მითითებული და არც ტერმინები, რასაც ოპოზიცია ცდილობდა

საქართველოს პარლამენტის  ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, სენატმა თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის თავისი ვერსია დაამტკიცა, რომელიც ცალკე განიხილება კონგრესსა და სენატში.

„საბოლოო ჯამში, ბოლო ვერსია უნდა შეთანხმდეს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს. მოხარულები ვართ, რომ ის ვერსია საბოლოოდ შეჯერდა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია საქართველო ამერიკისთვის. განსაკუთრებული ხაზგასმაა იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და რითაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული შავი ზღვის რეგიონებსა და იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და სენსიტიურია. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მთლიანობა და ის პრობლები, რაც დაკავშირებულია მეზობელ ქვეყანასთან, ოკუპაციასთან ამერიკის მხრიდან ცალსახად ხაზგასმულია“, – განაცხადა კუჭავამ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მცდელობა იყო დოკუმენტში თავიანთი ლობისტების გამოყენებით ქვეყნისთვის არასახარბიელო ჩანაწერები გაკეთებულიყო.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სენატორ რიშსა და ინჰოფეს, რომელთა მხარდაჭერითაც საბოლოოდ ის ვერსია გავიდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი დონის მხარდამჭერი. ეს ხაზს უსვამს, თუ რამდენად სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში და არა მხოლოდ. სამწუხაროა, როცა ოპოზიციისგან მსგავს მცდელობებს ვხედავთ, მაგრამ სასიხარულოა, როცა მათი ქვეყნისთვის საზიანო მცდელობები არ იქნა გაზიარებული. მითითებული არ არის არც გვარები, არც ტერმინები, რის შეტანასაც ოპოზიციური სპექტრი ცდილობდა. ეს დააზიანებდა არა მმართველ პარტიას, არამედ ქვეყნის ინტერესებს. იყო გარკვეული მცდელობები, რომ დოკუმენტში გვარები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია მომხდარიყო, რაც დააზიანებდა ქვეყანას, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს და არა მმართველ პარტიას. საბოლოო ვერსია გამორიცხავს მსგავს ჩანაწერებს, რისთვისაც სენატორებს მადლობას ვუხდით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.