კახა კუჭავა - ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილები და მაღალი შეფასებები მოვისმინეთ, სწორ გზას ვადგავართ
კახა კუჭავა - ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილები და მაღალი შეფასებები მოვისმინეთ, სწორ გზას ვადგავართ

ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილები და მაღალი შეფასებები მოვისმინეთ, სწორ გზას ვადგავართ, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელიც ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

ამასთან, კახა კუჭავას თქმით, მოლოდინი იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს,  პარტნიორების მხრიდან ძალიან მაღალია.

„ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილები და მაღალი შეფასებები მოვისმინეთ. პირველ რიგში, ეს ეხებოდა იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რითაც თავადაც ამაყობს. ვადგავართ სწორ გზას და ამ გზით ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატო-ს წევრები გავხდეთ. დარწმუნებული ვარ, ორი დღის განმავლობაში, მაღალი დონის შეხვედრებისგან საინტერესო და პოზიტიურ გზავნილებს მივიღებთ. მოლოდინი იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ძალიან მაღალია პარტნიორების მხრიდან. ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი თავისუფალი არჩევნების ჩატარების. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ მაქსიმუმი კეთდება, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით გამორჩეული კიდევ ერთხელ იყოს. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა და ხელისუფლება ამ გამოცდასაც ღირსეულად ჩააბარებს. ევროპაში მეგობრებისთვის სანდო და სამაგალითო პარტნიორი ვართ და ეს მოლოდინიც ბუნებრივია“, – განაცხადა კუჭავამ.