კახა კუჭავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სჯობს, კომუნიკაცია დღეს დაიწყოს და საბოლოოდ მოხდეს საკითხების განხილვა-შეჯერება
კახა კუჭავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სჯობს, კომუნიკაცია დღეს დაიწყოს და საბოლოოდ მოხდეს საკითხების განხილვა-შეჯერება

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პირველი, რაც ჩემი შეფასებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია, რომელიც არ არსებობდა, ან ჯობია, დღეს დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია, რომელიც არ არსებობდა, ან ჯობია, დღეს დაიწყოს და საბოლოოდ მოხდეს საკითხების განხილვა-შეჯერება. გარკვეული ინფორმაციები მოვისმინე, რომელიც როგორც ვიცი, არ შეესაბამება სიმართლეს. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან დიალოგი და შანსი, რომელიც კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით შეიძლება, გაჩნდეს, რომ პოზიციები საწყის ეტაპზევე დაახლოვდეს, კარგად ავხსნათ, მათ წუხილს კარგად მოვუსმინოთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნას მიღებული“, – განაცხადა კუჭავამ.

ამ განცხადებით კახა კუჭავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა გასახსნელი სხვა ტიპის დისკუსია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას საზოგადოებასთან მუდმივი დაძაბულობა არ ჰქონდეს და ყველასთვის გასაგები გახდეს, რა ენერგოპოლიტიკა აქვს ქვეყანას.

მისი თქმით, „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში. 

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ კითხვებს აჩენს შეფასებები, რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით არსებობს, კვლევები დამატებით უნდა გაკეთდეს და თუ ვინმეს მხრიდან ამის სხვა მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა არსებობს, ამას საბოლოოდ დაესვას წერტილი“, – განაცხადა კუჭავამ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა როლი შეუძლია, შეასრულოს ამ კომუნიკაციის დეფიციტის აღმოფხვრის პროცესში მან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და როგორც გარემოს დაცვით საკითხებზე გამოცდილების მქონე ადამიანმა, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ პროცესში უკვე ჩაერთნენ პოლიტიკოსები, ხელისუფლებაც ჩართულია და ეს პროცესი ნამდვილად არის იმ ჩარჩოში, სადაც დიალოგის რეალური საშუალება არსებობს, მაგრამ თუ საჭიროება იქნება, თავადაც მზად არის, მონაწილეობა მიიღოს.

„ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, მთლიანობაში რას ვხედავთ, ჩვენი ენერგოპოტენციალის სრულად გამოყენებაში, რის ხარჯზე ვხედავთ, რამდენად გვიღირს და ა.შ. ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას გარემოზე მიყენებული ზიანიც ძალიან სწორად არის შესაფასებელი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუნდაც, იგივე სკანდინავიური ქვეყნები რომ ავიღოთ, რომლებსაც მაგალითად ვიყენებთ ხოლმე, არათუ ენერგოდამოუკიდებლები, ძალიან დიდი ექსპორტიორებიც არიან და საუკეთესო გარემოსდაცვითი სტანდარტებითაც ხელმძღვანელობენ. თუ მათ შეძლეს, ჩვენც ხომ შეგვიძლია, ეს აქ გადმოვიტანოთ? ამიტომ, სწორი იქნება, ყველამ, ვისაც ამ საკითხებში გაეგება და ეთქმის, მივიღოთ პოლიტიკის ის მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც გავატარებთ “, – განაცხადა კუჭავამ.

კუჭავამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის პოტენციალის ბოლომდე გამოყენების შესაძლებლობა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ჰესებზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს აქვს, როგორც მზის, ისე ქარის ენერგიის ძალიან დიდი პოტენციალი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.