კახა კუჭავა - მრავალეროვნული სწავლება ყოველწლიურად გვაახლოებს ნატო-სთან, გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს
კახა კუჭავა - მრავალეროვნული სწავლება ყოველწლიურად გვაახლოებს ნატო-სთან, გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს

კახა კუჭავამ აშშ-საქართველოს ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit დახურვის ოფიციალური ცერემონიალის მონაწილეებს მიმართა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლებაა.

„ის ფაქტი, რომ მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, თანხვედრაშია და ეხმიანება საქართველოს გაცხადებულ პოლიტიკას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მრავალეროვნული სწავლება ყოველწლიურად გვაახლოებს ნატო-სთან, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია და გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატო-სთან თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორიც არის დღეს. ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში და არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისათვის, რომ გავზარდოთ ალიანსთან თავსებადობა. მეტი ნატო საქართველოში – დარწმუნებული ვარ, ეს გზავნილი გვაერთიანებს ყველას, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. ამის ბრწყინვალე მაგალითია პარლამენტის მიერ შემუშავებული საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელსაც ყველა საპარლამენტო პარტიამ მოაწერა ხელი. საქართველოსა და სწავლებაში ჩართული ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მიდგომას, რომ საერთო ძალისხმევით შევქმნათ უსაფრთხო და სტაბილური გარემო, ასახავს სწორედ ამ სწავლების მთავარი გზავნილი – „ძალა პარტნიორობაშია“. დღეს, 6 აგვისტოს, ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, საქართველოს უმთავრეს გამოწვევად კვლავაც რჩება ოკუპაცია.

„სტრატეგიული მოკავშირეების თანადგომითა და უწყვეტი მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. განვმეორდები, ძალა ნამდვილად პარტნიორობაშია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.