კახა კუჭავა - მესტიას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეტყობა განვითარება, ეს საკმარისი არ არის, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ოთხი წლის შემდეგ შედეგებით ვიამაყებთ
კახა კუჭავა - მესტიას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეტყობა განვითარება, ეს საკმარისი არ არის, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ოთხი წლის შემდეგ შედეგებით ვიამაყებთ

მესტიას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეტყობა განვითარება, ეს საკმარისი არ არის, რადგან სვანეთს უფრო დიდი პოტენციალი აქვს, პოტენციალის ბოლომდე გამოყენება მთავარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი განვითარებული რეგიონები, რომლებიც ყველასთვის მიმზიდველს გახდის საქართველოს.

„მივესალმები ულამაზეს მესტიას, ამ უნიკალურ კუთხეს. უნიკალური ნამდვილად ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე მეტად უხდება სვანეთს. იგი უნიკალურია თავისი სილამაზით, კულტურით, ისტორიით, ტრადიციებით, გარემოთი და რა თქმა უნდა, უნიკალურია თავისი ხალხით. ჩემს გამზრდელ ბაბუას სვანური ქუდი ეხურა ყოველთვის და რომ ვეკითხებოდი, რატომ, მეუბნებოდა, ამაყი ხალხის ქუდიაო. ზუსტად ასეა. აქ რომ ჩამოდიხარ, ხვდები, რა არის სიამაყე, ხედავ ამაყად მდგარ სვანურ კოშკს, რომელიც ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, გამარჯვების სიმბოლოა. ეს ასეა ისტორიულადაც. სვანური კოშკი,  გაუტეხელი, დაუმარცხებელი, რომელიც საუკუნეები დგას  ქვეყნის სადარაჯოზე-  კულტურის,  ტრადიციების, ოჯახის ინსტიტუტის დაცვის სადარაჯოზე, რომელიც უძვირფასესია თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩვენი მომავლისთვის.

მესტიას განვითარება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეტყობა. ჩემი აზრით, ეს საკმარისი არ არის, რადგან სვანეთს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს,  არა მხოლოდ ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, რომელმაც შეიძლება მიიზიდოს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები და უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს თითოეულ ოჯახს, ამ კუთხეს და რა თქმა უნდა, მთელ ქვეყანას. პოტენციალის ბოლომდე გამოყენება მთავარია.

ბოლოს სვანეთს 2019 წლის ზაფხულში, ოჯახთან ერთად ვესტუმრე. მინდოდა, ჩემს შვილებს ენახათ ეს სილამაზე. ჩემს მეგობრებთან ერთად მულახის ხეობაში, სოფელ ჯამიშში კახიანებს ვსტუმრობდით, სადაც უხუცესებთან ერთად ბევრი ვისაუბრეთ. ეკლესიიდან, რომელიც ზემოთ მთაზეა, ჩანს ულამაზესი ხეობა, რომელიც გავს შვეიცარიას, ავსტრიას. ჩვენ უნდა გავხდეთ სამაგალითოები სხვებისთვის.

როცა საუბრობენ ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაზე, ასევე უნდა საუბრობდნენ მესტიაზე, როგორც თავისი სილამაზით ერთ-ერთ უნიკალურ ადგილზე. სწორედ ასეთი განვითარებული რეგიონებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მიმზიდველს გახდის საქართველოს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და ყველასთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როცა ვსაუბრობთ ერთად დგომაზე – ერთად დგომა სჭირდება ყველას, მთელ საქართველოს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაუტეხელნი და დაუმარცხებელნი მაშინ, როცა ვიდექით ერთად – სვანეთი ამის ბრწყინვალე მაგალითია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

სიტყვით გამოსვლისას კახა კუჭავამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს აფხაზეთს, რომელიც აქედან ხელის გაწვდენის მანძილზეა და ჩვენი დიდი გულისტკივილია. დარწმუნებული ვართ, განვითარებით ჩვენ მალე ვიამაყებთ ერთიანი საქართველოთი. მჯერა, სვანეთში ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ პროექტს და ეს არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას.

2023 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება არა მხოლოდ მესტია-უშგულის, არამედ უშგული-ლენტეხის გზა, რომელიც მთლიანად შეკრავს ტურისტულ წრეს და უფრო მარტივს გახდის მოგზაურობას სვანეთში, არა მხოლოდ ამ  კუთხეში, არამედ მასთან დაკავშირებულ იმ პატარა სოფლებში, სადაც ის უნიკალური ტრადიციებია, რომლის ნახვაც სურს და იზიდავს ყველას. დარწმუნებული ვარ, ამისთვის საჭიროა ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი მერი და  საკრებულო.

ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. მჯერა, კიდევ ძალიან ბევრს გააკეთებს, რითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს გუნდი, არამედ საქართველო. მისი ხელმძღვანელობით, პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და 4 წლის შემდეგ შედეგებით ვიამაყებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი