კახა კუჭავა - დღეს რაც პარლამენტში ვიხილეთ, არ ვიცი, ვის ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის
კახა კუჭავა - დღეს რაც პარლამენტში ვიხილეთ, არ ვიცი, ვის ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ის, რაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხდებოდა, მხოლოდ მტრის ინტერესებში შეიძლება, იყოს.

კუჭავას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ პროცესის ჩაშლას იმ მოთხოვნით, რაზეც უმრავლესობაც თანახმაა.

„ის, რაც დღეს აქ ვიხილეთ, არ ვიცი, ვის ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის. მცდელობაა, ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმაა უმრავლესობაც. ვისაუბრეთ ამაზე. იქნება საგამოძიებო კომისია და რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით“, – აღნიშნა კუჭავამ.

კუჭავამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, ნუ ცდილობენ, შეურაცხყონ ის, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის – ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ის, რომ შემოიპარნენ პარლამენტში ის ადამიანები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ და შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ეს ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად? მესმის პროტესტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს უფლება, მაგრამ ეს ჩხუბი, აყალ-მაყალი, ბლოკირება, ერთი კითხვა დასვით, ვის აძლევს ეს ხელს. დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ. რეაგირებაც შესაბამისი იყო. სამწუხაროდ, არ არსებობს ჩვენთან საკანონმდებლო ბაზა, როგორ დავიცვათ ეროვნული სიმბოლიკა, სჯობს, ამაზე ვიმსჯელოთ. ნუ ცდილობთ, შეურაცხყოთ ის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის – ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. არავინ ამბობს, რომ რაც მოხდა, კარგი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ სამართლებრივი ნორმა, როგორ შეიძლება ეს დავიცვათ და ვაგებინოთ პასუხი“, – განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, დღეს ხმაური იყო თავდაპირველად პარლამენტის შესასვლელთან. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებდნენ. ამასთან, პარლამენტთან მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებზე საშვები იყო დაშვებული. მოგვიანებით, ხმაური და დაპირისპირება გაგრძელდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს. მათი მოთხოვნაა, პარლამენტმა განიხილოს მხოლოდ ის საკითხები, რაც ახლა საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს და მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურა დაიწყოს.

დატოვე კომენტარი