კახა კუჭავა გიტანას ნაუსედას შეხვდა
კახა კუჭავა გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას.

მათივე ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და გამოწვევები იყო.

ყურადღება გამახვილდა ჩვენს ქვეყანასა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის არსებულ თანამშრომლობასა და საქართველოს ნატო-სთან თავსებადობაზე.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ ნატოს სამიტის დეკლარაციაში აისახება პროგრესი, რომელსაც საქართველომ ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მძიმე პრობლემები განიხილეს. გიტანას ნაუსედამ ლიეტუვას მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე და ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი გიორგი ვაშაძე.

დატოვე კომენტარი