კახა კუჭავა - ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საგანი იყო ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული მდგომარეობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ავსტრიაში პარლამენტის სპიკერთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, კახა კუჭავა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
„ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ჯგუფის წევრებს დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები. ვისაუბრეთ თითქმის ყველაფერზე, რაც მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს. განხილვის მთავარი საგანი იყო ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული მდგომარეობა, როგორ შეიძლება, ვებრძოლოთ ამ გამოწვევას. ამავე დროს, განვიხილეთ ის მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას საქართველოში და ის საკითხები, რომელზეც ვაპირებთ ვიმუშაოთ როგორც ახლო მომავალში, ისე გრძელვადიანი პერსპექტივაში.
მათთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ მივდივართ რეფორმების კუთხით და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც დღეს არის აქტუალური საქართველოში“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.