პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა გიორგი რურუასთან დაკავშირებით წერილზე განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ საუბარია არა ევროპარლამენტარებისთვის პარლამენტის მხრიდან გაგზავნილ ოფიციალურ წერილზე, არამედ ჩვეულებრივ სიახლეების ბიულეტენზე.
მისივე განმარტებით, მსგავს საინფორმაციო ბიულეტენებს პერიოდულად ყველა პარტია აგზავნის.
ამასთან, კუჭავა ამბობს, რომ ბიულეტენში გიორგი რურუასთან დაკავშირებით ზუსტი ფაქტები იყო მოყვანილი.
„დღეს, ბრწყინვალე მაგალითი ვიხილეთ, თუ რამდენად მწარე შეიძლება იყოს რეაქცია, როცა ოპონენტების ტყუილს უპირისპირებ სიმართლეს. ეს არ არის ოფიციალური გაგზავნილი წერილი პარლამენტის მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი სიახლეების ბიულეტენი, რომელსაც პერიოდულად ყველა პარტია აგზავნის.
ჩვენც ერთ-ორ კვირაში ერთხელ ვაგზავნით ხოლმე. ასეთი ბიულეტენი გაიგზავნა კვირასაც, გუშინაც, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღეთ. გაიგზავნება, როცა მესამე მოსმენით მივიღებთ. გიორგი რურუას თაობაზე იყო მოყვანილი ის ზუსტი ფაქტები, რომელიც ყველასთვის ცნობილია და ფაქტებს ეყრდნობა.
მაგალითად, დღეს ბრიფინგის დროს, ადვოკატმა თავად აღიარა, რომ ნასყიდობის ღირებულება არის 2500 ლარი, მაგრამ განახორციელებს 250 ათასი ლარის ინვესტიციასო. მომავალში რას განახორციელებს, მისი საქმეა, მაგრამ 900 დოლარი მივუთითეთ ზუსტად საინფორმაციო ბიულეტენში“,- განაცხადა კუჭავამ და აქვე განმარტა, რომ ბიულეტენი გაგზავნეს არა მხოლოდ ევროპარლამენტარებთან, არამედ ყველა იმ პირთან, ვისაც გამოწერილი აქვს სიახლეები და უფლება აქვს, მიიღოს მათი მხრიდან დანახული ინფორმაცია.
„ნურავის გაუკვირდება, რომ თუ თავად აგზავნიან წერილებს, ასეთივე წერილები იგზავნება ჩვენგანაც. ამისთვის მუშაობს პარტიაში შესაბამისი სამსახური. ეს არის პარტიის მხრიდან გაგზავნილი, ეს არ იყო ოფიციალური წერილი, არ არის ხელმოწერილი მიმართვა კონკრეტულად ვინმეს მიმართ, ეს არის სიახლეები, რომლებიც გამოწერილი აქვთ არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს, არამედ სენატორებს და ა.შ. ვინაიდან, საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენისას, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ხმას არ მისცემდნენ პროექტს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, კითხვები რომ დაისვა, ინფორმაცია მივაწოდეთ, საუბარი ვისზე იყო. როცა მედია მფლობელად მოიხსენიებენ, სიმართლე ხომ უნდა იცოდნენ, რომ 2500 ლარად აქვს ნაყიდი და ეს თავად ხელშეკრულებაში წერია, რაც ფაქტია. შემდეგ რა ინვესტიციას განახორციელებს, შემდეგ ჩაწერონ. მწარე მოსასმენია, რომ მედია მფლობელად მოიხსენიებენ, რომელსაც აქციები 900 დოლარად აქვს ნაყიდი“,- განაცხადა კუჭავამ.
რაც შეეხება საინფორმაციო ბიულეტენის შინაარს, მასში ნათქვამია, რომ იმ დროს, როდესაც 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარული მოსმენა მიმდინარეობს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ სპეკულაციებს და იმუქრებიან კიდეც, რომ მეორე მოსმენაზე ხმას არ მისცემენ იმ შემთხვევაში, თუ „კარგად ცნობილი კრიმინალი, გიორგი რურუა პატიმრობიდან არ იქნება გათავისუფლებული“.
ამასთან, ბიულეტენში აღნიშნულია, რომ გიორგი რურუა ოპოზიციის „სავაჭრო სიის“ ბოლო ნაწილია, მისი მკვლელობებით გაჟღენთილი წარსულის გათვალისწინებით, სასაცილოა, რომ მას ეწოდოს „პოლიტიკური პატიმარი“- ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაცია მისი გათავისუფლების მიზნით.
გარდა ამისა, განმარტებულია, „რატომ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია ასეთი მონდომებით მის პოლიტიკურ მიზნებში ჩართვას, ითხოვს მის გამოშვებას მცდარი საბაბით და ამას აყენებს საკონსტიტუციო შესწორებების მხარდაჭერის ერთ-ერთ წინაპირობად“.
პარტნიორებისთვის გაგზავნილ ბიულეტენში გიორგი რურუას შესახებ რამდენიმე ფაქტზეა ყურადღება გამახვლებული.
„გიორგი რურუა არის სააკაშვილის მთავრობის გარდაცვლილი მაღალჩინოსნის, ნიკა რურუას ძმა. ორივე, 90-იან წლებში გასამხედროებული დაჯგუფება „მხედრიონის“ აქტიური წევრები იყვნენ და მჭიდრო კავშირი ჰქონდათ იმ დროინდელ მთავრობასთან.
ჯგუფის დაშლის შემდეგ, გიორგი რურუამ გადაინაცვლა ბიზნეს სექტორში და შეინარჩუნა მჭიდრო კავშირი სააკაშვილის მთავრობასთან, მისი ძმის გავლენებით. ის ასევე ცნობილი კრიმინალია, რომელსაც კარგად იცნობდნენ და მისი ეშინოდათ საშინელი დანაშაულების გამო, როგორიცაა გატაცება და მკვლელობა, რომელიც ადრეულ 90-იანებში ჩაიდინა.
ის არის „ბოროტების საძმოს“ ( ვერის საძმოს ) დამფუძნებელი და ლიდერი. კრიმინალური ჯგუფის სახელი უკავშირდება გახმაურებულ საქმეებს: 1992 წელს თორაძეების ოჯახის 7 წევრის ამოხოცვა, ასევე ზაზა ვეფხვაძის და მისი ძმისშვილის მკვლელობის საქმე 1993 წელს“,- ნათქვამია საინფორმაციო ბიულეტენში, სადაც აგრეთვე აღნიშნულია თორაძეების საქმეც და განმარტებულია, რომ 2020 წლის მაისში, თამარ თორაძემ საქართველოს პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, გამოძიებულიყო მისი ხუთი ძმის მკვლელობა, რომელთაგან ორი ამ დრომდე გაუჩინარებულია.
„თამარი არის გადარჩენილი მოწმე, რომელიც გიორგი რურუას მის თვალწინ ორი ძმის მკვლელობაში ადანაშაულებს. მან დეტალურად აღწერა ტრაგედია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის სენატორებს მიმართავდა, ის სენატორების მიერ რურუას პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიებას გამოეხმაურა. მისი მოთხოვნის შემდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკულ მხარეს თორაძეების საქმის გამოძიებაში დახმარება სთხოვა“,- ნათქვამია ბიულეტენში.
ამასთან, საუბარია ზაზა ვეფხვაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებითაც.
„მია ვეფხვაძის, მოკლული ზაზა ვეფხვაძის დის თანახმად, მის ძმასა და თანხმლებ გია სვანაძეს ცივსისხლიანად ესროლეს მანქანაში, მათივე სახლის წინ 1993 წლის 22 დეკემბერს. ოჯახის წევრი, რომელიც სროლის ხმაზე გარეთ გამოვარდა, ამტკიცებს, რომ დაინახა გიორგი რურუა და მისი ჯგუფის წევრები მკვლელობის ადგილას. ვეფხვაძე ადანაშაულებს რურუას მისი ძმის მკვლელობის დაგეგმვაში, რომლის წინაც მან სავარაუდოდ მოკლა მისი ვაჟი, მსხვერპლის ოჯახური ტრაგედიის ადგილზე მიტყუებისა და იქ მისი მოკვლის მიზნით“,- ნათქვამია ბიულეტენში.
აქვე განმარტებულია, რომ 2019 წლის ნოემბერში, გიორგი რურუას დაკავების შემდეგ, მია ვეფხვაძემ ხმამაღლა დაიწყო მისი ოჯახის წევრების მკვლელობებზე საუბარი და გენერალურ პროკურატურას საქმის სათანადო გამოძიების თხოვნით მიმართა.
ყალბი პირადობა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა – ბიულეტენის მიხედვით, 2000 წლის 15 მაისს, ინტერპოლის ბიურომ საქართველოში მიიღო შეტყობინება აშშ-სგან საქართველოს მოქალაქის დავით კურცხალიას დაკავებასთან დაკავშირებით, საიმიგრაიო კანონის დარღვევის გამო.
„საინტერესოა, რომ პირი, რომელიც ფლობდა ქართულ პასპორტს, მოგვიანებით იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც გიორგი რურუა, რომელიც ფულის გამოძალვისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 2000 წლის 26 ივნისს აშშ-დან საქართველოში მისი დეპორტაცია განხორციელდა სასამართლო განხილვებისთვის. გატაცება, გამოძალვა და მკვლელობები – რურუას ბრალი წაუყენეს 1993-1994 წლებში ჩადენილი არაერთი საშინელი დანაშაულისთვის, რომლებზეც მისი აშშ-დან დეპორტაციის შემდეგ დამატებითი გამოძიება დაიწყო. რურუას წინააღმდეგ ბრალდებები მოიცავდა ოჯახებიდან ხალხის გატაცებას, მათ შორის თორნიკე აფაქიძის გატაცება 1993 წელს პარლამენტის შენობიდან და 300 000 აშშ დოლარის ოდენობით გამოსასყიდის მოთხოვნა მისი სიცოცხლის სანაცვლოდ, ალექსანდრე ბალიაშვილის დაცხრილვა საავადმყოფოს საწოლში 1994 წელს, ბესიკ მარუაშვილის, ზურაბ მარუაშვილისა და გელა კაფიაშვილის მკვლელობა თბილისის ქუჩებში. ყველა ამ საქმის დოკუმენტები და მტკიცებულებები დაცულია სამართალდამცავი ორგანოების არქივებში. გამოძიებები შეწყდა და აღარასდროს განახლებულა სააკაშვილის მთავრობის მიერ, რომლის პატრონაჟითაც გიორგი რურუა გახდა ხელშეუხებელი და თავისუფლება შეინარჩუნა“,- აღნიშნულია საინფორმაციო ბიულეტენში.
რაც შეეხება მედიის მედიის ფლობის საკითხს, ბიულეტენის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში გიორგი რურუამ 2500 ლარად (დაახლოებით 900 აშშ დოლარი იმ დროინდელი კურსით, 2.80 ლარის ოდენობით) ახლადდაფუძნებული ოპოზიციური მედია „მთავარი არხის“ 2.5 პროცენტი წილი შეისყიდა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ 2019 წლის 18 ნოემბერს გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, ფლობისა და ტარების ბრალდებით დააკავეს და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების შესაბამისად, შემდგომი გამოძიებისთვის პატიმრობაში რჩება.
„გაერთიანებული ოპოზიციაც კი ნაკლებად ერთიანია, როდესაც საქმე ეხება გიორგი რურუას კრიმინალურ საქმეს და მოუწოდებს მის გათავისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში. გასაკვირია, რომ 31 პარტიიდან, მხოლოდ 15 ხედავს საერთო საფუძველს კოორდინირებული მცდელობისთვის, დაუკავშიროს რურუას საქმე ამ მნიშვნელოვან მიღწევას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში“,- ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ პარტნიორებისთვის გაგზავნილ საინფორმაციო ბიულეტენში.