კახა კუჭავა - დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველომ აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო შეიარაღება გაატარა, კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანად გადაწყვეტას მივემხრობით
კახა კუჭავა - დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველომ აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო შეიარაღება გაატარა, კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანად გადაწყვეტას მივემხრობით

პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრეა.

მისივე თქმით, საქართველო მაქსიმალურად შეეცდება, ამ თვალსაზრისით პროცესში ჩაერთოს.

„პირველივე დღიდან, რაც მეზობელ სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანად გადაწყვეტას მივემხრობით, მაქსიმალურად შევეცდებით, ამ თვალსზრისით პროცესში ჩავერთოთ და შევთავაზოთ საქართველო მოლაპარაკებათა მაგიდის სახით.

ამ პრინციპის ერთგული დავრჩებით ბოლომდე გარე აქტორების მცდელობის მიუხედავად. კარგად იცით, ვინ არიან ესენი. სამწუხაროდ, გარკვეული ძალები არიან ქვეყნის შიგნითაც. ცდილობენ, საქართველო წარმოაჩინონ, როგორც კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე. ეს არის სიცრუე და მათი მხრიდან ამ მცდელობას შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან ჩვენი ქვეყნის პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული და მხარეებთან კომუნიკაცია გვაქვს“, – განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავას განმარტებით, ხორციელდება ყველა ღონისძიება, რათა ნებისმიერი სახის დეზინფორმაციას შესაბამისი პასუხი გაეცეს.

„მოვისმინეთ სომხეთის ელჩის განცხადება, რომელიც დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს, საქართველომ აზერბაიჯანის მიმართულებით გაატარა სამხედრო შეიარაღება. ეს არის დეზინფორმაცია და ყველას მოვუწოდებ, რომ დეზინფორმაციას ნუ გაავრცელებენ. უმნიშვნელოვანესია ის როლი, რომელიც ჩვენს ქვეყანას რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის აკისრია. მაქსიმალურად შევეცდებით, ეს წვლილი შევიტანით. სწორედ ამიტომ, ორივე მხარეს მოვუწოდებთ, მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოს ჩართულობა ბოლომდე გამოიყენონ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.