კახა კუჭავა - დავით ჭიჭინაძემ წამოიწყო თამაში, რომლის მსხვერპლიც თავად გახდა
კახა კუჭავა - დავით ჭიჭინაძემ წამოიწყო თამაში, რომლის მსხვერპლიც თავად გახდა

დავით ჭიჭინაძეს შეეძლო, ღირსეულად წასულიყო პარტიიდან, თუ მისთვის „ქართული ოცნება“ ასეთი მიუღებელი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ განუცხადა.

მისი თქმით, დავით ჭიჭინაძე საკუთარი განცხადებებით ცდილობდა, პარტიიდან გარიცხვის პროცესი დაეჩქარებინა.

„პარტიის გადაწყვეტილება ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენად უმსგავსო მეთოდებით ცდილობდა ჭიჭინაძე პარტიისა და თანაგუნდელების დამცირებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის არათუ ელოდა სამდივნოს ასეთ გადაწყვეტილებას, არამედ მაქსიმალურად ცდილობდა, თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით დაეჩქარებინა ეს პროცესი. შეეძლო, ღირსეულად, თავად წასულიყო პარტიიდან, თუ მისთვის „ქართული ოცნება“ ასეთი მიუღებელი იყო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, ჭიჭინაძის საქციელი ეჭვებს უჩენს, რომ დეპუტატი სხვის მიერ დაგეგმილ თამაშს თამაშობს.

„მან წამოიწყო ის თამაში, რომლის მსხვერპლი თავად გახდა, მისდა სამწუხაროდ“, – დასძინა კახა კუჭავამ.

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.