კახა კუჭავა - ბათუმის თეატრი ნამდვილად გამორჩეულია, მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პრიორიტეტად აქვს ასეთი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით
კახა კუჭავა - ბათუმის თეატრი ნამდვილად გამორჩეულია, მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პრიორიტეტად აქვს ასეთი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით

ბათუმი იყო სამაგალითო არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ საქართველოსთვისაც ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება თავისი წარმატებებით და მიღწევებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ბათუმში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ამ მხრივ გამოყო ბათუმის დრამატული თეატრისა და 20 ათას მაყურებელზე გათვლილი „დინამო ბათუმის“ მოედნის პროექტები.

„მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ბათუმზეა შეყვარებული – ყველას თავისი ისტორია, მოგონებები აქვს. მე ჩემი ისტორია მაქვს, რომელიც პატარაობიდან იწყება. ჩემს კლასელს, უახლოეს მეგობარს, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა, ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით მეგობრები და არამხოლოდ სტუმარი ვიყავი, მე გავხდი ერთ-ერთი მათგანი, აქაური. მყავს ძალიან დიდი სამეგობრო და ვამაყობ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოვდივარ, როცა ვიხსენებ მოგონებებს, რომელიც ბავშვობიდან იწყება. სითბო, რომელსაც ბათუმელები გაძლევენ, არ შეიძლება, არ დააფასო, არ შეგიყვარდეს, განსაკუთრებულად არ დაგრჩეს გულში.

უნიკალურია ბათუმის მდებარეობა. ზღვის პირი, მთებით გარშემორტყმული, ულამაზესი ხედებით. რაც საშუალებას გაძლევს, განსაკუთრებულად ისიამოვნო ამ სილამაზით, ხალხით, სერვისებით, რომელიც უფრო და უფრო ვითარდება და გამოირჩევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.

მე ძალიან ბევრი უცხოელი სტუმრისგან მომისმენია, რომ ეს არის ევროპული ქალაქი – ევროპული სტანდარტების და ეს არ ეტყობა მხოლოდ შენობებს, ეს არის, პირველ რიგში, ხალხი და ის ცხოვრების სტილი, რომელსაც ბათუმი საუკუნეების მანძილზე კარნახობდა მთელს საქართველოს, მთელს რეგიონს.

ჩვენ აქ ვხედავთ განვითარებულ ინფრასტრუქტურას, დიდ მოთხოვნას დამსვენებლების მხრიდან სასტუმროებზე. ყოველივე ეს დამტკიცდა კიდეც პანდემიის დროს, როგორც კი გაიხსნა ქვეყნები, ბათუმი აირჩიეს ტურისტებმა.

ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბათუმში, რომელზეც მე არ შევჩერდები, გამოვყოფ ორ პროექტს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა ვახსენო; ეს გახლავთ ბათუმის დრამატული თეატრი. მე მახსოვს როგორი იყო თეატრი და როგორი არის ის დღეს. დიდი მადლობა ამისთვის ფონდს „ქართუ“, რომელმაც არა მარტო ბათუმში განახორციელა მსგავსი პროექტები. ოზურგეთშიც ვნახე ახალი და გარემონტებული თეატრი და ბათუმის თეატრი ნამდვილად გამორჩეულია. დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პრიორიტეტად აქვს აღებული ზუსტად ასეთი პროექტების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მეორე პროექტი, რომელიც არ შემიძლია არ ვახსენო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სპორტის დიდი გულშემატკივარია, ეს არის უეფას სტანდარტებით აშენებული, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ულამაზესი „დინამო ბათუმის“ უნიკალური მოედანი, სადაც ახლახანს ვესწრებოდი თამაშს და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ბათუმის „დინამო“ არამარტო ნამდვილად მაგარ ფორმაშია, არამედ შეგვიძლია ვისიამოვნოთ იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც დღეს გააჩნია ამ ქალაქს“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სხვა პროექტია დაგეგმილი – სპორტის სასახლე, რომელიც მალე დასრულდება და სკოლების რეაბილიტაცია.

„ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ბათუმს წარმოაჩენს, როგორც ერთ-ერთ სამაგალითოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. იგი არის ტიპიური ევროპული ყაიდის ქალაქი, რომელმაც უნდა იამაყოს იმ განვითარებით, რაც აქვს, თუმცა, მე ვიცი, როგორი მომთხოვნი არიან ბათუმელები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით“, – განაცხადა კუჭავამ.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევას შეძლებს.

„მერის კანდიდატი, რომელიც ერთი წელია მერის მოვალეობას ასრულებს თავის გუნდთან ერთად, დარწმუნებული ვარ, შეძლებს კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევას და ჩვენ ოთხი წლის მერე ვნახავთ რამდენი რამ შემატა „ქართული ოცნების“ გუნდმა, ახალმა მერმა ბათუმს.

ბათუმი იყო სამაგალითო არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ საქართველოსთვისაც ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება თავისი წარმატებებით და მიღწევებით“, – განაცხადა კუჭავამ.