კახა კუჭავა - აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის დასრულება, რათა განვითარების იმ ტემპს დავუბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე იყო
აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის დასრულება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვ, ვაქცინაცია გვიცავს ჩვენ და ჩვენს ჯანმრთელობას, რომ შევძლოთ საბოლოოდ გადავტეხოთ ეს რეალობა და განვითარების იმ ტემპს დავუბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ წალენჯიხაში განაცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, პანდემიის შესაჩერებლად აუცილებელია ყველ რეკომენდაციის დაცვა.
„წალენჯიხელებო მოგესალმებით. ჩემთვის პატივია მოგმართოთ ამ ულამაზეს მხარეში, რეგიონში, რომელიც განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. არ შეიძლება არ შეამჩნიო ის სიკოხტავე და პეწი, რომლითაც გამორჩეულია ეს კუთხე და შრომისმოყვარე ხალხი. მთიან სამეგრელოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. ვთვლი, რომ წალენჯიხას აქვს შესაძლებლობა გახდეს როგორც აგრო ტურიზმის, ისე ეკო ტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, თავისი ულამაზესი მონასტრებით, ისტორიით, კულტურით და რა თქმა უნდა, სამზარეულოთი.
ეს კუთხე ნამდვილად გამორჩეულია, მე ბევრს არ ვისაუბრებ სოფლის მეურნეობაზე, აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აქ განხორციელდა-გაზიფიცირება, დასასრულებელია ინტერნეტიზაცია.
რჩება გამოწვევები, პირველ რიგში წყალმომარაგების საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს, რადგან ეს პროექტები მიმდინარეობს. საჭიროა უფრო მეტი გზების რეაბილიტაცია ყველა სოფელში, რაც გამართულად გადაადგილების საშუალებას მისცემს ყველას. არ შეიძლება, არ ვახსენოთ მთავარი გამოწვევა, რომელიც არა მარტო ამ რეგიონის და ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას – ეს არის პანდემია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, ღია ცის ქვეშაც ვატაროთ პირბადე, მაქსიმალურად ვიყოთ ფრთხილად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის დასრულება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ვაქცინაცია გვიცავს ჩვენ და ჩვენს ჯანმრთელობას, რომ შევძლოთ საბოლოოდ გადავტეხოთ ეს რეალობა და განვითარების იმ ტემპს დავუბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე იყო. გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით. გაცილებით მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა ის პოტენციალი, შესაძლებლობები, რომლებიც ამ ულამაზეს მხარეს აქვს, ბოლომდე ავითვისოთ. პირადად მე და მთლიანად გუნდს ამის იმედი გვაქვს, გამომდინარე იქიდან, როგორი კანდიდატი გვყავს წარმოდგენილი ამ ულამაზეს მხარეში. გოგა გულორდავას თქვენ ყველა იცნობთ. აუცილებელია, ის გამოცდილება ბოლომდე გამოვიყენოთ, რომელიც გოგას აქვს. ის არის ახალგაზრდა, ენერგიული. მე ვიცი მისი გეგმების შესახებ, ვიცი, ბოლომდე იქნება ჩართული ყოველდღიურად, თქვენთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომ მაქსიმალური სიკეთე მოუტანოს მშობლიურ მხარეს“, – განაცხადა კუჭავამ.