კახა კუჭავა აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს წარმატებულად აფასებს
კახა კუჭავა აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს წარმატებულად აფასებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს წარმატებულად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს კუჭავამ განუცხადა, აშშ-ში ძალიან დატვირთული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ წლის შემაჯამებელი ვიზიტი გაიმართა.

„პირველ რიგში, გზავნილი მოვისმინეთ, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის გაძლიერებას ეხებოდა. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა გაძლიერდეს არა მხოლოდ სამხედრო და თავდაცვითი მიმართულებით, არამედ ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრებზე საუბარს ვიწყებდით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ეხებოდა. მისი უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ყველა ფორმატს ვიყენებთ და ამერიკაში ვიზიტი ბრწყინვალე შესაძლებლობა იყო. დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ სხვადასხვა ფორმატი და გზა არსებობს იმისთვის, რომ წნეხი გავაძლიეროთ პარტნიორების დახმარებით ამ ადამიანის გათავისუფლებისთვის.

ასევე ვისაუბრეთ სხვა საკითხებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე. მათგან ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ოთხი ტალღის ფარგლებში განხორციელებული რეფორმა დიდი წინსვლაა. მწუხარება გამოთქვეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოვახერხეთ. ამის გამო ის ადამიანებიც გამოვთქვამთ წუხილს, ვინც მხარი დავუჭირეთ. ის, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდა, იმის მიზეზი არ არის, რომ ძალადობრივი შეტევა განხორციელდეს სახელმწიფო უწყებებზე. თავისუფალი დემონსტრაციები საკანონმდებლო ჩარჩოს არ უნდა გასცდეს. მათი მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება დაგმობილი იქნება”, – განაცხადა კუჭავამ.