კახა კუჭავა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია პირდაპირ უსვამს ხაზს, თუ რამდენად ვიმსახურებთ მათ მხარდაჭერას
დარწმუნებული ვარ, საბოლოო ასახვა არასოდეს ექნება იმას, რომ აშშ-ის დახმარება 15 პროცენტით შემცირდეს, რადგან ის თანამშრომლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც კი არის აღარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე და ის წარმატებები, რომელსაც აღწევენ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით, პირდაპირი და ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რასაც ვიღებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
კახა კუჭავას განცხადებით, ინფორმაცია, რომელსაც ოპოზიცია მოსახლეობას აწვდის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ, არასწორია. მისივე თქმით, ეს არ არის კანონპროექტის შინაარსი. ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს საინტერესო და ამბიციური გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, დემოკრატიის კიდევ უფრო გამყარება, პროდასავლური, ევროინტეგრაციისკენ სვლა და ქვეყანა ამ გეგმას მიჰყვება წარმატებით.
„საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო, ძალიან ამბიციური გეგმა, თუ როგორ ვახდენთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, დემოკრატიის კიდევ უფრო გამყარებას, პროდასავლური, ევროინტეგრაციისკენ სვლას, რომელიც არის საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდი და ჩვენ ამას მივყვებით საკმაოდ წარმატებით. იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, იყო ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი. ეს არის დამსახურება იმ ყველაფრისთვის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ გზაზე. ზუსტად ამ პროცესს ცდილობენ, აღწერონ კანონპროექტის ენაზე, რომ შემდგომ, ჩვენ მოვახდინოთ ბრძოლა ამ სამი კონკრეტული მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები, კორუფციასთან ბრძოლა თუ კერძო სექტორის თავისუფლება.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამხელა მიღწევები გვაქვს ამ კუთხით. არ ვგულისხმობ მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლას, მაგალითები სახეზეა“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გაატაროს დამატებითი რეფორმების ნაწილი, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშავდება და კიდევ უფრო ეფექტიანი გახადოს ჩვენი სახელმწიფოს ბრძოლა კორუფციასთან.
„რეიტინგებიც რომ ავიღოთ, ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სასურველი შედეგი და გვინდა, ყველაფერში მაქსიმალურად ვიყოთ მიახლოებული პირველობასთან. ამიტომ არის ის ნაბიჯები გადასადგმელი, რომელიც აუცილებელია შემდგომ შეფასდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.
ჩვენ ვიღწვით იმისთვის, რომ კიდევ უფრო ფართო და მჭიდრო გახდეს ეს თანამშრომლობა. ამერიკაში ჩვენი საელჩო ამ პროცესში ჩართულია არა მარტო ახლა, არამედ თვეების განმავლობაში და შესაბამისად, ექნება მცდელობა, დავაჯეროთ იმაში, რომ არ არის საჭიროება, ეს მუხლი არსებობდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერის მოლოდინი ამ კუთხით გვაქვს, რადგან ის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათი ოფიციალური პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, პირდაპირ უსვამს ხაზს, თუ რამდენად ვიმსახურებთ ჩვენ მათ მხარდაჭერას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.