კახა კუჭავა - არჩევნებისთვის ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის, მთავარი დაპირებაა, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ
კახა კუჭავა - არჩევნებისთვის ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის, მთავარი დაპირებაა, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ

ყველაზე თავისუფალი, ღია და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც კი ოდესმე ყოფილა საქართველოში, გახლავთ ჩვენი ძირითადი ვალდებულება და დიდი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ტელეკომპანია FOX-ის ახალი ამბების რადიოინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ევროპელი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველო ისტორიულად ყოველთვის მათი მოკავშირე იყო, რაც რეგიონული, სტრატეგიული თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კავკასიის რეგიონისთვის.

„რეგიონში და, ზოგადად ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, საქართველომ დაამტკიცა, განსაკუთრებით კი დემოკრატიის კუთხით, რომ სამაგალითოა. მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობისკენ განვლილი გზა, რას მივაღწიეთ ამ ბოლო 30 წლის – დამოუკიდებლობის განმავლობაში, რა მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, როგორც ქვეყანამ, რომელიც გახდა შეერთებული შტატების, ევროპული ქვეყნების და ევროპის კავშირის სტრატეგიული პარტნიორი. რაც ყველაზე მთავარია,საქართველო არის ძალიან ახლოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასთან ბოლო დროს მიღებული შეფასებებით, როგორც ნატო-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის, ასევე ევროპულ გზაზე გასავლელ ნაწილში. ძალზედ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველო, როგორც მათი მოკავშირე რეგიონში. მჯერა და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი პარტია და ჩვენი მომხრეები, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე დარწმუნებული ვართ, არის ის შედეგი, რომელსაც ბოლო რვა წლის განმავლობაში მივაღწიეთ“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს ახსოვს გამოწვევები, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დროს არსებობდა, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე მედიის უფლებების დაცვის, ბიზნესის და სიტყვის თავისუფლების მიმართულებით .

„ჩვენ შევძელით და ვამაყობთ ბოლო რვა წლის განმავლობაში მიღებული შედეგებით. ჩვენ განვახორციელეთ უზარმაზარი შრომა და საბოლოოდ გადავედით ევროპულ სტილის საპარლამენტო რესპუბლიკაში. პირველად საქართველოს ისტორიაში, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამ ცვლილებების უზრუნველყოფა, რაც ერთი მხრივ შესაძლოა, ნებისმიერ შემთხვევაში საწინააღმდეგოდ/საპირისპიროდ ემსახურებოდეს მმართველობას. ამიტომაც წინა ხელისუფლებებმა ვერასოდეს გაბედეს მსგავსი ცვლილებების განხორციელება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პლურალიზმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ შევძელით უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მხოლოდ კანონები, ეს მათი საუკეთესო ფორმით აღსრულების საკითხია. ჩვენ ბოლო რვა წლის განმავლობაში გავზარდეთ არჩევნების ჩატარების სტანდარტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები იქნება განსაკუთრებულიც და საამაყოც“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, 2012 წლამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ მმართველი პარტია გახდებოდა, თითქმის შეუძლებელი იყო ახალი ლიცენზიების მოპოვება მედია მაუწყებლებისთვის, შესაბამისად, საქართველოში არსებობდა მხოლოდ ოთხი ეროვნული სატელევიზიო არხი.

„ახლა გარანტირებულია, რომ ათი დღის განმავლობაში თქვენ შეძლებთ, მიიღოთ ლიცენზია და დაიწყოთ მაუწყებლობა. საქართველოში დღესდღეობით, თუ რა ვცდები, 110-ზე მეტი ეროვნული და რეგიონული ტელეარხი ფუნქციონირებს, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალიი არიან ნებისმიერი ტიპის მაუწყებლობისთვის. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა კანონების ან მისი აღსრულების ნაწილის გათვალისწინებით, რაც ამ მხრივ შეიძლება დავინახოთ“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, დემოკრატია არის მოგზაურობა, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რათა შეიქმნას უფრო მაღალი სტანდარტები არა მხოლოდ მედიის, არამედ სხვა მრავალი მიმართულებით.

„გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, აჩვენებს, კონკრეტულად რა შედეგების მიღწევა შეიძლება. ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო ამბიციური გეგმა და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, როგორც პოლიტიკური პარტიისა, 2020 წლის არჩევნებისთვის, არის ის, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ სტანდარტები, გავაუმჯობესოთ პრაქტიკა და მოვახდინოთ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და დირექტივების საფუძველზე“, – განაცხადა კუჭავამ.

ამასთან, პარლამენტს ვიცე-სპიკერმა, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დაპირისპირება დაცხრეს და სიტუაცია განიმუხტოს მეზობელ ქვეყნებს შორის.

„ვციტირებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას – ჩვენს ორ მეზობელს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებამ შექმნა მძიმე მდგომარეობა და ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია უკიდურესად უარყოფით გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დაპირისპირება დაცხრეს და სიტუაცია განიმუხტოს მეზობელ ქვეყნებს შორის. საქართველო, რა თქმა უნდა, მზად არის დასახმარებლად. გაკეთდა ოფიციალური განცხადებები. ჩვენ გვჯერა, რომ ამგვარი კონფლიქტები უნდა მოგვარდეს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი დასრულდება და საერთაშორისო საზოგადოების ჩართვით, საქართველო, როგორც მეზობელი, გასწევს დახმარებას – კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება. 2020 წელს 12 წელი შესრულდა რუსეთის სამხედრო აგრესიიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ქართული ტერიტორიების ოკუპაციიდან, რომლებიც რუსული სამხედროების სრულად მილიტარიზებული ფორპოსტები გახდნენ. ქართველი ხალხის სახელით მსურს, მადლობა გადავუხადო ტრამპის ადმინისტრაციას, აშშ მთავრობას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის რეალური და არსებული გარე საფრთხეებისგან. რა არის რუსეთის მიზანი? ეს ძალიან მარტივია, მათ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე კონტროლის განხორციელება, ამ ერების (ვსაუბრობ კავკასიის რეგიონზე) შენარჩუნება, მათი შეუსაბამობის ან დაუცველობის პირობებში შენარჩუნება“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და რუსეთი შეეცდება არჩევნებში ჩარევას მრავალი გზით, მაგრამ საქართველოს მთავრობა მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს მსგავსს აგრესიას.

„შემიძლია, დავარწმუნო ყველა, ჩვენ საკმარისი ზომები მივიღეთ არა მხოლოდ ახლა. ადიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენ სტრატეგიულ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი ჩარევა შეუძლებელი ყოფილიყო რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან. მნიშვნელოვანია, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც მსოფლიო და არა მხოლოდ საქართველო აწყდება COVID–ს სახით, ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, მთავრობა, ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ თითოეული ხმის დათვლა, რომ ყველა თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს. განვმეორდები, რომ ჩვენი მთავარი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ჩავატაროთ ყველაზე თავისუფალი, ღია და სამართლიანი არჩევნები, რაც ოდესმე ჩატარებულა საქართველოში. არჩევნების დღეს არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს, რომლებიც საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების ფარგლებში იმყოფებიან, მათ შორის წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებიდან. სავსებით დარწმუნებული ვარ, ბევრი პოზიტიური შეფასება გაკეთდება მათი მხრიდან. ცოტა ხნის წინ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად არის ამაღლებული სტანდარტები. ქვეყანაში არსებული პოლარიზებულია პოლიტიკური გარემოს მოუხედავად, პირველ ნოემბერს გვექნება იმის თქმის საშუალება, რომ ჩავატარეთ ძალიან დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი