არ არის გამორიცხული, კანონით ავტომანქანაში კატალიზატორის დამონტაჟება სავალდებულო გახდეს
არ არის გამორიცხული, კანონით ავტომანქანაში კატალიზატორის დამონტაჟება სავალდებულო გახდეს

არ არის გამორიცხული, კანონით ავტომანქანაში კატალიზატორის დამონტაჟება სავალდებულო გახდეს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მძღოლები კატალიზატორს აყენებენ, ტექდათვალიერებას გადიან და შემდეგ იღებენ.

„პირველი საკომიტეტო მოკვლევა იმ საკითხზე დავიწყეთ, რომელიც ყველას აწუხებს – ეს თბილისში ჰაერის მდგომარეობაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება ყველა ადამიანს აქვს. 2-3-თვიანი ვადა მიეცათ, რომ პოზიციები დადასტურებული ფაქტებით წარმოედგინათ.

ძალიან საინტერესო კვლევებიც ჩატარდა. გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისეთ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელზეც თავიდან ჩვენ არც გვიფიქრია. ეს პოზიციები და მოხსენებები ზაფხულის განმავლობაში დეტალურად შევისწავლეთ. უკვე დაახლოებით 15 საკანონმდებლო ინიციატივა გამოიკვეთა, რომელთა ინიცირებასაც წლის ბოლომდე მოვახდენთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ტექდათვალიერებებთან და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით კონტროლის გამკაცრება იქნება. არსებული წესების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება. არის შემთხვევები, როდესაც კატალიზატორს აყენებენ, ტექდათვალიერებას გადიან და შემდეგ იღებენ. კატალიზატორის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს ან საერთოდ არ იყოს. არ არის გამორიცხული, რომ ჩაიწეროს და ეს სავალდებულოც გახდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოვლინდა, გაუმართავი ავტოპარკია.

„რაც უნდა საუკეთესო ხარისხის საწვავი შემოდიოდეს, თუ ავტოპარკი შესაბამისად გამართული არ არის, ძალიან სავალალო შედეგს ვიღებთ. გაუმართავი ავტოპარკის გარდა, მნიშვნელოვანია ასევე საწვავის ხარისხი. ამავე დროს, სამშენებლო მტვერი.

მომხსენებლების შემდეგ უახლოეს მომავალში ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე ეტაპი, რაც იგეგმება, ეს არის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების პარლამენტში მოყვანა, რომ პასუხი გაგვცენ, რაც დაგეგმილია და კეთდება, რამდენად ეფექტურად ხორციელდება.

საკომიტეტო მოკვლევა აპრობირებული და საკმაოდ ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ პარლამენტმა თავისი ზედამხედველობის ფუნქცია განახორციელოს. ასევე, უწყებებზე ახალი ინიციატივებით და ინსტრუქციებით გამოვიდეს, რომ ღინისძიებების გატარება კონკრეტულ ვადაში მოხდეს“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ძალიან რთულია იმის თქმა, თბილისის მასშტაბით, რომელ რაიონშია ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი.

„ახლა, ამის თქმა ასე დაზუსტებით ძალიან რთულია, რადგან მონიტორინგი ყველა უბანზე არ ხორციელდება. ერთ-ერთი რეკომენდაციაც ეს იქნება, რომ სრული მონიტორინგის სისტემა რაც შეიძლება მალე აეწყოს და ყველა ქუჩა და უბანი შეფასდეს. ახლა სადაც აპარატი დგას მხოლოდ იქ ფასდება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.