კახა კუჭავა ადამ კინზინგერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
კახა კუჭავა ადამ კინზინგერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ამერიკელ კონგრესმენს, ადამ კინზინგერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

„ამერიკელმა კონგრესმენმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცესის მიმართ და საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება მოულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, ყველას ჩართულობით, მეორე და მესამე მოსმენითაც იქნება მიღებული“, – აღნიშნა საუბრის კომენტირებისას კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრასაც, სადაც განხილული იყო არჩევნების დღეს გასატარებელი ღონისძიებები, ასევე, საპარლამენტო არჩევნებისთვის ადამ კინზინგერის შესაძლო ვიზიტს საქართველოში და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს „კოვიდ-19“-ის გამო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები, ლუგარის ცენტრის როლი პანდემიასთან ბრძოლაში და სომხეთის დახმარების საკითხი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკის გამოწვევებზე, ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებზე და ტურიზმის გახსნაზე. კონგრესმენმა კინზიგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ მისი, როგორც ჩვენი ქვეყნის ახლო მეგობრის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. შევთანხმდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმატში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ვიდეოკონფერენციაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ნინო ფანჯიკიძემ და კონგრესმენ კინზინგერის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში სებასტიან დე ლუკამ.

დატოვე კომენტარი