კახა კუჭავა აცხადებს, რომ ათენში ორმხრივ შეხვედრებზე ოკუპაციასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრებს
კახა კუჭავა აცხადებს, რომ ათენში ორმხრივ შეხვედრებზე ოკუპაციასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრებს

სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაიარეს ევროინტეგრაციის გზა, როგორ მიღწიეს შედეგს, რათა მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევძლოთ, ავაგოთ ის სამწლიანი ამბიციური სამომავლო გეგმა, რომელზეც დამოკიდებული იქნება ჩვენი მხრიდან 2024 წელს განაცხადის შეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ათენში განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

კახა კუჭავა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხების, ასევე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესახებ ისაუბრებს.

კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

„ორი დღის განმავლობაში ათენში შეიკრიბა დაახლოებით 50 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის აქ ვიზიტი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მთხოვეს და ვიქნები ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ერთ-ერთ პანელურ გამოსვლაზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და გარემოს დაცვის საკითხებს  იმ მიღწევებთან, პროგრესთან დაკავშირებით, რომელიც ჰქონდა ჩვენს პარლამენტს, ქვეყანას ამ პერიოდში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი ღონისძიება გამოვიყენოთ ორმხრივი შეხვედრებისთვის, პირველ რიგში, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. პირველ რიგში, ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ არსებულ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, საქართველოს წევრობას ევროკავშირში, იმ ამბიციურ რეფორმებს, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. ამ მხრივ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუ როგორ გაიარეს მათ ეს გზა, როგორ მიაღწიეს ამ შედეგს, რომ ჩვენ უკვე შევძლოთ, მათ გამოცდილებაზე ავაგოთ ის სამწლიანი ამბიციური სამომავლო გეგმა, რომელზეც დამოკიდებული იქნება ჩვენი მხრიდან 2024 წელს განაცხადის შეტანა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.