კახა კოჟორიძე კალაძის განცხადებას პოლიტიკურ თაღლითობას უწოდებს
კახა კოჟორიძე კალაძის განცხადებას პოლიტიკურ თაღლითობას უწოდებს

„ოცნება“ გვპირდება, რომ არ დააყენებს თავის კანდიდატს იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ნაცების“ გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიას ექნება გამარჯვების შანსი, მაგრამ სად იქნება ეს ოლქები, ამას ისევ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს , – ასე გამოეხმაურა  საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელ ბრიფინგს.

კოჟორიძემ კალაძის  განცხადებას პოლიტიკური თაღლითობა უწოდა.

„ოცნება“ გვპირდება, რომ არ დააყენებს თავის კანდიდატს მაჟორიტარულ ოლქში იქ, სადაც „ნაცების“ გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიას ექნება გამარჯვების შანსი, მაგრამ სად იქნება ეს ოლქები, იქნება ისევ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი. ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება მათ შეფასებასა და გადაწყვეტილებას. ისინი იტყვიან, აქ აქვთ შანსი, აქ არ აქვთ შანსი. რა თქმა უნდა, ამას საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტენ. „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, მართლაც არ დააყენოს რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი, ისევე როგორც არ დააყენა მთაწმინდის ოლქში, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურად რაიმეში შეწინააღმდეგებოდა „ქართულ ოცნებას“ , როდესაც ის დეპუტატი იყო? ანალოგიურ სიტუაციას მივიღებთ, არანაირი განსხვავება არ იქნება. შესაბამისად, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. სადაც უშუალოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატი გაიმარჯვებს, თუ გაიმარჯცვებს „ქართული ოცნების“ რომელიმე სატელიტი, ყველა ეს ხმა წავა ისევ ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში და მოემსახურება ქვეყნის განვითარების შეფერხებას. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, შეგვიძლია ასე ვუწოდოთ დღევანდელ განცხადებას. ეს თაღლითობა უკვე კარგად გამოვცადეთ, შესწავლილი გვაქვს „ქართული ოცნების“ მსგავსი ტრიუკები. ამიტომ, ამ პროცესისადმი არანაირი ნდობა არ გვაქვს“ ,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ამასთან, კოჟორიძე ამბობს, რომ ღიმილის მომგვრელია განცხადება ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, თითქოს ის წინააღმდეგობაშია არსებულ კონსტიტუციასთან.

„რაც შეეხება გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, რომ კახი კალაძე ყველა კონსტიტუციონალისტზე ყველაზე დიდი კონსტიტუციონალისტი გამოდის. ვისაც ვესაუბრე, ყველა კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ შესაბამისობაშია. ერთადერთი, ვინც ამას უარყოფს, არის ირაკლი კობახიძე და როგორც ჩანს, ახლა შეუერთდა კახი კალაძე. ეს ასე არ არის. „ქართულ ოცნებას“ გერმანული მოდელი არ აწყობს და ამიტომ თვლიან არაკონსტიტუციურად“ ,- აღნიშნა კახა კოჟორიძემ და აქვე დასძინა, რომ პიკეტირების საკითხზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„რაც შეეხება პიკეტირებას, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება  „ქართულ ოცნებას“. ჩვენ „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ პროპორციული და სამართლიანი არჩევნები არ გვჭირდება, რომ არჩევნები ჩატარდება მახინჯი მოდელით. პასუხისმგებლობა ენიჭება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც შექმნა ეს კრიზისი. კახა კალაძის განცხადება ამ კრიზისს ვერ განმუხტავს და შეიძლება ითქვას, უფრო დაძაბავს“, – განაცხადა კოჟორიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არ დააყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს იმ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობისა“ და მისი დანამატების გარდა, დანარჩენ ოპოზიციას  გამარჯვების რეალური შანსი ექნება“.