კახა კიკნაველიძე - ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გასხვისება „საქართველოს ბანკის“ მხრიდან კომერციული ტრანზაქციაა
კახა კიკნაველიძე - ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გასხვისება „საქართველოს ბანკის“ მხრიდან კომერციული ტრანზაქციაა

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე აცხადებს, რომ ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, „საქართველოს ბანკმა“ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას „ქართუ ჯგუფთან“ ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ვალების ნაწილს, რომელთა ძირი თანხა 2000 ლარამდეა.

„ეს იყო ჩვენი მხრიდან კომერციული ტრანზაქცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტრანზაქციის შემდეგ და „ქართუ ჯგუფის“ ნაბიჯის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანება. ეს იყო ერთჯერადი ნაბიჯი. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მომხმარებლებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ფინანსური ვალდებულების აღებისას მათი პირობების მომსახურებას“, – განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი გარიგების დეტალებზე არ საუბრობს.

„ჯერ კიდევ ზუსტდება მთლიანი სიები, რომლებიც მოექცევა ამ ტრანზაქციის ნაწილში. 2018 წლის პირველ იანვრამდე ვადაგადაცილებაში ჩავარდინილი პორტფელის მთლიანად გაყიდვას ვაპირებთ. ტრანზაქციის დეტალებს ვერ ვიტყვი, მაგრამ საბოლოოდ 3 დეკემბერს იგეგმება დეტალური ხელშეკრულების გაფორმება ამ საკითხთან დაკავშირებით. სიები, მათ შორის შშმ პირების სიები, რომლებიც დღეს არ გაგვაჩნია, დაზუსტდება და ამ ტრანზაქციის ნაწილი იქნება ესეც“, – განაცხადა კიკნაველიძემ.

მისი თქმით, „საქართველოს ბანკის“ მხრიდან ეს იყო კომერციული ტრანზაქცია.

„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანებას, ამ მხრივ მივესალმებით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამან გავლენა არ მოახდინოს სამომავლოდ გადახდის დისციპლინაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომხმარებლებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს და მათი პირობების შესრულებას“, – „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.