კახა კიკნაველიძე - „ომეგა ჯგუფი“ მაქსიმალურად ცდილობს, გააჭიანუროს სასამართლო პროცესი
კახა კიკნაველიძე - „ომეგა ჯგუფი“ მაქსიმალურად ცდილობს, გააჭიანუროს სასამართლო პროცესი

„ომეგა ჯგუფი“ მაქსიმალურად ცდილობს, გააჭიანუროს სასამართლო პროცესი, – ასე ეხმაურება „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე „საქართველოს ბანკსა“ და „ომეგა ჯგუფს“ შორის არსებულ სასამართლო დავას.

კახა კიკნაველიძის თქმით, ბანკი ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს მათი კომპანიის ინტერესების დასაცავად.

„საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს 84 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება და ჩვენ 2016 წლის მარტიდან უკვე სასამართლო დავაში ვართ. სასამართლო მიმდინარეობს. მეორე მხარე ცდილობს, რომ პროცესი რაც შეიძლება გააჭიანუროს, თუმცა „საქართველოს ბანკი“ ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს, რომ მისი ინტერესი დაიცვას“, – განაცხადა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ბანკმა“ პირველ ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ომეგა ჯგუფის“ დავალიანება ბანკის მიმართ 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ამასთან, ბანკში აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში.