კახა კალაძის ინფორმაციით, ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების მფლობელებს შორის არიან მოქალაქეებიც, რომლებსაც სხვადასხვა სახის ქონება უფიქსირდებათ
კახა კალაძის ინფორმაციით, ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების მფლობელებს შორის არიან მოქალაქეებიც, რომლებსაც სხვადასხვა სახის ქონება უფიქსირდებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების მფლობელებს შორის არიან მოქალაქეებიც, რომლებსაც უფიქსირდებათ სხვადასხვა სახის ქონება თბილისსა და რეგიონებში.

კერძოდ: მოქალაქე შ.ჯ. – მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6000 კვ მეტრი სახნავ-სათესი მიწა.

მოქალაქე დ.შ – მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში სოფელ ლეღვანში ფლობს 1255 კვ მიწის ნაკვეთს.

მოქალაქე დ.ტ. თბილისში, ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი.

მოქალაქე ვ.ფ. თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლობს 600 კვადრატული მეტრ ბინის ფართს.

მოქალაქე გ.მ. თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას აქვს 568 კვ მეტრი ფართი ნავთლუღის დასახლებაში. მოქალაქე ნ.ბ. რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1 300 კვ მეტრი ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ.

„არიან ადამიანები, ვინც მართლაც სოციალურად დაუცველები არიან, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან და უჭირთ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც კონკრეტულად მიწების დატაცებით ითბობს ხელს: ეს იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, რასთან გვაქვს საქმე. ამ ფაქტებს სჭირდება სრულყოფილი მოკვლევა, სიღრმეებში შესვლა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.