მთაწმინდის რაიონის გამგეობამ წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წავკისში სერიოზული პრობლემები იყო საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში ათ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია – დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. სამუშაოები დაგეგმილია ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის, ასათიანის ქუჩებში, ამაღლების II შესახვევსა და ასათიანის I და II შესახვევებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში, 10 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.