„კახა კალაძესა და გიგა ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირება არ ყოფილა“
„კახა კალაძესა და გიგა ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირება არ ყოფილა“

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კახა კალაძესა და გიგა ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.

„კატეგორიულად უნდა უარვყო დაპირისპირება კალაძესა და ნიკოლეიშვილს შორის, ეს არის აბსურდი.  გიგა ნიკოლეიშვილის თანამდებობიდან წასვლის ერთადერთი მიზეზი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნაა“, –  განაცხადა თბილსის ვიცე-მერმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ – უკავშირდება თუ არა გიგა ნიკოლეიშვილის მიერ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობის დატოვება კახა კალაძესთან დაპირისპირებას.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერის მოადგილეების დანიშვნიდან ერთ კვირაში დაპირისპირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

“არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. როგორ უნდა მოგვესწრო დაპირისპირება ერთ კვირაში, ეს პრაქტიკულად გამორიცხული იყო. ბატონ გიგას ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ერთად გვემუშავა, მაგრამ მან უფრო საპასუხისმგებლო პოზიცია ჩაიბარა და წარმატებები ვუსურვოთ. რომ გვცოდნოდა, ამ თანამდებობაზე მისი წარდგენის შესახებ,  არ მოხდებოდა მისი მერის მოადგილედ დანიშვნა. ვინ იქნება მისი ადგილმონაცვლე, არ ვიცით, არის მერის მოადგილის ორი ვაკანსია და ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ განცხადებას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კახა კალაძემ დავით ნარმანიას გუნდიდან მერის მოადგილის თანამდებობა მხოლოდ გიგა ნიკოლეიშვილს შეუნარჩუნა, რომელიც წლების განმავლობაში დავით ნარმანიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გიგა ნიკოლეიშვილმა მერის მოადგილის თანამდებობა გუშინ დატოვა. ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა.