კახა კალაძემ ტაქსების მფლობელებს მოუწოდა, ავტომობილების კატეგორიებად დაყოფა დროულად მოახდინონ
კახა კალაძემ ტაქსების მფლობელებს მოუწოდა, ავტომობილების კატეგორიებად დაყოფა დროულად მოახდინონ

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტაქსების რეფორმა სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ტაქსების რეფორმა ჩვენს მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვინდა, რომ ქალაქში ტაქსები მოწესრიგებული, გამართული და სუფთა იყოს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს, გადაადგილება აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ტაქსები A და B კატეგორიებად დავყავით. უკვე წელიწადნახევარია ამ რეფორმაზე ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი გატარება. ძალიან ბევრჯერ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსაც შევხვდით. იყო ცვლილებები, განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა საერთო ჯამში, მუშაობის შედეგად, ყველა შევთანხმდით, რომ რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების ნებართვის მფლობელებს, ასევე იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ნებართვის აღება სურთ, შესაძლებლობა აქვთ, მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს მიმართონ.

დედაქალაქის მერმა მსურველებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნებართვის მისაღებად სერვისცენტრებში დროულად მივიდნენ, რომელიც თბილისის მერიის შენობაში, ასევე, ათივე გამგეობაშია განთავსებული.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პირველი ოქტომბრიდან იწყება რეფორმის მეორე ფაზა და ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, ტაქსის ლიცენზია აიღოს და შემდეგ, ავტომობილის კატეგორიებად დაყოფა მოახდინოს. თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება A კატეგორიაში იყოს თუ B-ში. რა თქმა უნდა, ავტომობილი ამა თუ იმ კატეგორიის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. პირველ ოქტომბრამდე მათ შეუძლიათ მიმართონ არა მხოლოდ დედაქალაქის მერიას, ასევე, ათივე გამგეობაში შესაძლებელი იქნება სერვისის მიღება. გასულ წელს იყო ასეთი შემთხვევა, რომ ტაქსების რეფორმის პირველ ეტაპზე, მსურველების უმრავლესობა იუსტიციის სახლში ბოლო დღეებში მივიდა, სადაც საოცრებები ხდებოდა. ამიტომ, მსურველებს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, რომ არის 11 სერვისცენტრი – 10 გამგეობაში და ერთი მერიაში, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ, ლიცენზია მიიღოთ და თქვენი ავტომობილი კატეგორიად დაყოთ. დღეს, უკვე 18 სექტემბერია და ჩემი თხოვნა იქნება, არ გადადოთ. დროულად მობრძანდით და მიიღეთ ლიცენზიები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დატოვე კომენტარი