კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს სკვერებში გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება და სპეციალური ჯიხურების მოწყობა დაავალა
კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს სკვერებში გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება და სპეციალური ჯიხურების მოწყობა დაავალა

დედაქალაქის პარკებში გარევაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, – აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ საქმიანობთ დაკავებული არიან ადამიანები, რომლებსაც სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ.

კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, პარკებში გარემოვაჭრეებისთვის სათანადო პირობები შექმნან.

„ვფიქრობ, ამ ადამიანების მიმართ თანადგომა ჩვენი მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, დავავალო ჩვენი პარკების ადმინისტრაციას, ასევე ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს, რომ ყველაფერი გააკეთეთ და ძალიან მოკლე დროში ამ ადამიანებს მივცეთ ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით,  პარკებში უნდა გამოიყოს შესაბამისი ადგილები, რომელიც კეთილმოწყობილი იქნება და, სადაც მხოლოდ არამალფუჭებადი საქონელი გაიყიდება.

„გააკეთეთ ყველაფერი, რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული. გამოყავით ადგილები, დავუდგათ პატარა, ლამაზი ჯიხურები, რომ აღნიშნული საკითხი მოგვარდეს. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში მათთვის, ვინც პარკში დასასვნებელად შედის, ასევე ბავშვებისთვის.

ესენი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და მათთვის თითოეულ თეთრს და ლარს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. დავეხმაროთ მათ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმე ეხება მოქალაქეებს, რომლებიც ბაღებსა და სკვერებში მხოლოდ არამალფუჭებადი პროდუქტით ვაჭრობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.